ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსისთვის პატივის მისაგებად საჯარო ღონისძიება რუსეთში პარასკევს, 1 მარტს უნდა გაიმართოს.
„ჩვენ ვეძებთ დარბაზს ალექსეისთვის საჯაროდ გამოსამშვიდობებლად. დრო: ამ სამუშაო კვირის ბოლოს. თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი ფართი, გთხოვთ, დამიკავშირდეთ“, — წერს იარმიში X-ზე.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას 24 თებერვალს გადასცეს. მანამდე ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ლუდმილა ნავალნაიას რამდენიმე პირობა წაუყენეს შვილის ცხედრის გადაცემის სანაცვლოდ. მათ ალექსეი ნავალნის ახლობლებსა და თანამოაზრეებს მოსთხოვეს, საიდუმლოდ შეენახათ ინფორმაცია მისი დაკრძალვის შესახებ და თავი შეეკავებინათ გაცილების საჯარო ცერემონიისგან.
15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავდათ საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.