რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის პოზიცია ОДКБ-ში წევრობის “გაყინვის შესახებ ჯერ კიდევ არ არის ცხადი.
მისი თქმით, მოსკოვს ხშირი კონტაქტი აქვს სომეხ პარტნიორებთან და გეგმავს სიტუაციის გარკვევას.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავაზუსტებთ. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და გავარკვევთ”, – განაცხადა პესკოვმა.
France 24-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ОДКБ] სომხეთის წევრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “სომხეთმა, პრაქტიკულად, გაყინა საკუთარი მონაწილეობა” ორგანიზაციაში.
ფაშინიანის განცხადებითვე, “ОДКБ-მ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება სომხეთის მიმართ უსაფრთხოების საკითხში”.
სომხეთის პრემიერმა ამის მაგალითად კვლავ მოიყვანა 2021 და 2022 წლები და ყარაბაღის საკითხი.
ამასთან, კითხვაზე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესახებ, ფაშინიანმა უპასუხა, რომ აღნიშნული ბაზა ОДКБ-ს ფარგლებში არ იმყოფება.