გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ისინი სამინისტროსთან მანამდე იქნებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება.
“მოთხოვნა რჩება უცვლელი, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს აქ. დიდი წინააღმდეგობის და უსაფუძვლო დაკავებების მიუხედავად, გუშინ მოვახერხეთ კარვის გაშლაც. აქ დავრჩებით მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები”, – აღნიშნა კახა ასათიანმა.
აქციის ორგანიზატორის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომელიც გუშინ აქციის დროს დააკავეს, ამ წუთებში მიმდინარეობს.
“საქმე ის არის, რომ ახლანდელი პრაქტიკა დამძიმებული ყოფილა, როგორც იურისტებმა განგვიმარტეს. ადრე თუ 1-2 საათში ცნობილი იყო, ვინ იყო დაკავებული და რომელ იზოლატორში იმყოფებოდა, ახლა ასე არ არის და ამ წუთებში დგინდება, ვინ სად არის დაკავებული და რამდენი ადამიანია სულ. ჩვენ მოვახდინეთ 9 ადამიანის იდენტიფიცირება, რომელთა ადგილსამყოფელს ახლა გვეუბნება პოლიცია.
გუშინ ადვოკატებმა მოინახულეს რამდენიმე დაკავებული, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ზაჰესის იზოლატორში იმყოფება, ერთი რუსთავში, ოთხი კი მცხეთაში ”, – აღნიშნა მარიტა მუსელიანმა
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
მოქალაქეებს გუშინ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.
საკითხს განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”.
მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ