გიორგი ამილახვარი პრეზიდენტზე – მისი ბევრი განცხადება ბოლო ხანებში გაურკვეველია და ვფიქრობ, თავადაც არ აქვს მასზე პასუხები

გაუგებარი და გაურკვეველია ასეთი დამაზიანებელი, უსაფუძვლო, უარგუმენტო და მტკიცებულებების გარეშე გარკვეული პროპაგანდისტული ზიანი – ზოგადად, მისი [პრეზიდენტის] ბევრი განცხადება ბოლო ხანებში გაურკვეველია და ვფიქრობ, თავადაც არ აქვს მასზე პასუხები,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ს განცხადებაზე, სადაც ის საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ჯგუფების გააქტიურებაზე საუბრობს.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, „ცარიელ ოთახში ქარიშხლის ატეხა სრულიად უსაფუძვლოა“.
„ვერ გეტყვით, ქალბატონმა პრეზიდენტმა ვინ და რა იგულისხმა. ზოგადად მისი ბევრი განცხადება, სამწუხაროდ, ბოლო ხანებში გაუგებარი და გაურკვეველია. ვფიქრობ, თავადაც არ აქვს მასზე პასუხები. არ უნდა ვეძებოთ ის საკითხები, რაც ბუნებაში არ არსებობს. ცარიელ ოთახში ქარიშხლის ატეხა სრულიად უსაფუძვლოა. პრემიერ-მინისტრს სულ ახლახან ჰქონდა ევროპის გულში უმაღლესი დონის ვიზიტი და შეხვედრები. ის მხარდამჭერი განცხადებები და ევროკავშირისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღება, ბუნებრივია, არის ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. შესაბამისად, გაუგებარი და გაურკვეველია ასეთი დამაზიანებელი, უსაფუძვლო, უარგუმენტო და მტკიცებულებების გარეშე გარკვეული პროპაგანდისტული ზიანი, თითქოს რაღაცას აქვს ადგილი. ეს, სამწუხაროდ, იმ პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელებაა, რომელიც მრავალი წელია ჩვენი ოპონენტებისგან გვესმის, თითქოს სანქცირებული ტვირთების ტრანზიტული ქვეყანა იყო საქართველო და ა.შ. საბოლოოდ, ყველამ დავინახეთ, რომ ერთი შემთხვევაც კი არ გამოვლენილა მსგავსი. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რათა „ქართული ოცნება“ ს წინ როგორმე დააზიანონ. ყველა კარგად ხედავს იმ მზარდ რეიტინგს, რომელიც „ოცნებას“ აქვს. მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ წელს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს და ცდილობენ გარკვეული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში პრორუსულ ძალებზე ისაუბრა.
„ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: – „ევროპა, თუ არა ევროპა“ – ამ ტიპის არჩევნები და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ: რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ, შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.