„კუზანოვის კლინიკა“ დასაქმებულთა ანაზღაურებაზე შემოსავლების 60%-ს, „ტოტალ შარმი“ და Nuage/Keune კი 19%-ს ხარჯავს – რა შემოსავლები აქვთ კომპანიებს

„კუზანოვის კლინიკა“ დასაქმებულთა ანაზღაურებაზე შემოსავლების 60%-ს, „ტოტალ შარმი“ და Nuage/Keune კი 19%-ს ხარჯავს – რა შემოსავლები აქვთ კომპანიებს
ესთეტიკური მედიცინის ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები 3 კომპანიის, შპს Beauty Life (Nuage Clinique – კლინიკა ნუაჟი და Keune Georgia), შპს „ტოტალ შარმ“, შპს „კუზანოვის კლინიკას“ მაგალითზე Finspot-მა მიმოიხილა.
წარმოდგენილი კომპანიები სამედიცინო ესთეტიკის სფეროში ოპერირებენ. თუმცა, განსხვავდებიან შეთავაზებული სერვისებით და ძირითადი მიმართულებებით. სამივე კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ესთეტიკური დერმატოლოგიის სერვისებს.
მსგავსების მიუხედავად, კომპანიების შეთავაზებული სერვისები და ძირითადი ფოკუსი ერთმანეთისგან განსხვავდება. Total Charm Tbilisi-ისა და Kuzanov Clinic-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება პლასტიკური ქირურგიაა. Beauty Life-ი კი არაქირურგიულ სამედიცინო ესთეტიკურ სერვისებზე ფოკუსირდება Nuage Clinique – კლინიკა ნუაჟი-ის მეშვეობით და, პარალელურად, სილამაზის სალონურ მომსახურებას ეწევა Keune Georgia-ის საშუალებით.
2022 წელს სამივე მათგანმა შემოსავლები გააორმაგა 2019 წელთან შედარებით. სამივე კომპანიის შემთხვევაში შეინიშნება მომგებიანობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ბოლო წლებში. ამჟამად, კომპანიების EBITDA მარჟები 11%-28%-ის ფარგლებშია, წმინდა მოგების მარჟები კი 11%-25%-ის ფარგლებში.
„2022 წლის მონაცემებით, წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლები დაახლოებით ₾7-₾10 მილიონის მიდამოებშია.- კომპანიებს შემოსავლების ზრდის ტემპი თითქმის ერთნაირი აქვთ. 2019-22 წლებში კომპანიები საშუალოდ წლიურად 25%-27%-ით იზრდებოდნენ. ზრდას ხელი შეუწყო პოსტ-პანდემიურ პერიოდში ესთეტიკურ მედიცინაზე მოთხოვნის ზრდამ.
კომპანიების საერთო მოგების მარჟები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც დიდწილად კომპანიების შეთავაზებული სერვისების სხვაობით იქნება გამოწვეული. მაგალითად, Beauty Life-ი ფლობს Keune Georgia-ის სილამაზის სალონებს. სილამაზის სალონურ მომსახურებას კი საკმაოდ მაღალი საერთო მარჟები ახასიათებს. რაც შეეხება Kuzanov Clinic-ს, არ ვიცი ხარჯების ალოკაციას როგორ აკეთებენ თვითღირებულებასა და საოპერაციო ხარჯებს შორის, მაგრამ საკმაოდ უცნაურად გამოიყურება 92%-იანი საერთო მოგების მარჟა (SAAS კომპანიებს არ აქვთ ასეთი მაღალი საერთო მარჟა).
კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 33%-38%-ის ფარგლებშია Beauty Life-ისა და Total Charm Tbilisi-ის შემთხვევაში. „კუზანოვის კლინიკის“ საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში კი 80%-ზე მეტია. საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილ კომპონენტს დასაქმებულთა ანაზღაურება წარმოადგენს. პირველი ორი კომპანიის შემთხვევაში, თანამშრომელთა ანაზღაურება ₾1.7-₾1.9 მილიონს შეადგენს, რაც შემოსავლის 19%-ს წარმოადგენს. „კუზანოვის კლინიკის“ შემთხვევაში კი დასაქმებულთა ანაზღაურება ₾4.3 მილიონს შეადგენს, რაც შემოსავლების 60%-ზე მეტია. გაურკვეველია, ამ ანაზღაურებიდან რამდენი მოდის კლინიკის მენეჯმენტსა და დამფუძნებლებზე, რომლებიც ამავე კლინიკის ქირურგები არიან“, – ნათქვამია Finspot-ის ანგარიშში.
2019-22 წლებში სამივე კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლები (EBITDA / საოპერაციო მოგების მარჟები) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. Beauty Life-ისა და კუზანოვის კლინიკის შემთხვევაში ეს გაუმჯობესება ხარჯების ოპტიმიზაციითაა გამოწვეული, „ტოტალ შარმის“ შემთხვევაში კი საერთო მოგების მარჟების ზრდით.
„აქტივების უტილიზაციის შესაფასებლად, Fixed Asset Turnover (FAT)-ს შევხედოთ. FAT გვიჩვენებს რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპანიები არსებულ ძირითად საშუალებებს- ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი “კუზანოვის კლინიკას” აქვს. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითად საშუალებებზე დახარჯული ₾1-დან, “კუზანოვის კლინიკა” ₾4.4 შემოსავლის გენერირებას ახერხებს. „კუზანოვის კლინიკის“ აქტივები ₾3.1 მილიონს შეადგენს, აქედან ძირითად საშუალებებზე კი მხოლოდ ₾1.7 მილიონი მოდის. შედარებისთვის, კონკურენტებს ₾7-₾11 მილიონის ღირებულების ძირითადი საშუალებები აქვთ ბალანსზე. ლევერიჯის კუთხით, კომპანიები საკმაოდ დაბალ-ლევერიჯიანები არიან და სესხზე მომსახურებას კომფორტულად ახერხებენ“, – ნათქვამია Finspot-ის ანგარიშში.
შპს Beauty Life-ის (Nuage Clinique – კლინიკა ნუაჟი და Keune Georgia) მფლობელია ლია ობოლაშვილი.
შპს „ტოტალ შარმ“ (Total Charm Tbilisi) მფლობელებია: მარლენი სულამანიძე – 34%, გიორგი სულამანიძე – 33%, კონსტანტინე სულამანიძე – 33%.
შპს „კუზანოვის კლინიკა“ (Kuzanov Clinic) მფლობელები არიან: ივანე კუზანოვი – 75.5%, ალექსანდრე კუზანოვი – 24.5%.