სტრელკოვმა დაადასტურა, რომ სურს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეზერვის პოლკოვნიკმა და დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა „თავდაცვის მინისტრმა“ იგორ სტრელკოვმა (გირკინი), რომელიც ექსტრემიზმის მოწოდების ბრალდებითაა დაკავებული, დაადასტურა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
გამოცემა Sota-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სტრელკოვის წერილს კითხულობს „რუსული მოძრაობა სტრელკოვისთვის“ თანათავმჯდომარე ოლეგ ნელზინი.
წერილში მოცემულია მითითებები, რომელთა მიხედვითაც სტრელკოვის თანამებრძოლებმა უნდა შექმნან საინიციატივო ჯგუფი და შტაბი ხელმოწერების შესაგროვებლად, ასევე მოუწოდონ მხარდაჭერისკენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
სტრელკოვმა არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ პირველად აგვისტოში, დაკავებიდან მალევე განაცხადა. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ს ამჟამინდელ პრეზიდენტზე უკეთესად მიაჩნია თავი, სულ ცოტა, რამდენიმე სფეროში. მაშინ სტრელკოვს მისმა მხარდამჭერებმაც არ მოუწონეს პუტინის კრიტიკა, რადგან, მათი აზრით, პუტინის სიმბოლური გამოწვევით ის მხოლოდ გაიუარესებდა გათავისუფლების შანსებს.
სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები. სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმუმ 18 დეკემბრამდე დარჩება. ბრალდების მიხედვით, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.
რუსეთში ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულა. შესაბამისად სტრელკოვი ხელმოწერებს ვერ აგროვებს. ეს უნდა გაკეთდეს დეკემბერში არჩევნების თარიღის დანიშვნიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ისიც მაშინ, თუ დაარეგისტრირებს კანდიდატის მხარდამჭერ საინიციატივო ჯგუფს.
· 2022 წლის ნოემბერში სტრელკოვს ჰააგის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა 2014 წელს დონბასში მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის. კატასტროფას 298 ადამიანი ემსხვერპლა. სტრელკოვი, რომელიც უარყოფს ბრალდებას, სასამართლო პროცესში არ მონაწილეობდა.
· სტრელკოვმა რუსეთში პოპულარობა მოიპოვა 2014 წელს, როდესაც ათობით რუსი მოქალაქისაგან შემდგარმა მისმა რაზმმა, დონეცკელი სეპარატისტების მხარდაჭერით, ხელში ჩაიგდო ქალაქი სლავიანსკი. დონბასში ომი რეალურად სლავიანსკში ბრძოლებით დაიწყო. ახლაც სტრელკოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, თუმცა მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო სარდლობას ფრონტზე წარუმატებლობის გამო.
· ვლადიმერ პუტინს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ არაერთმა მედიასაშუალებამ, წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ის მეხუთე ვადით იყრის კენჭს.

ასევე დაგაინტერესებთ