აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის 50% ევროპის ქვეყნებზე მოდის

ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარმა აზერბაიჯანმა ბოლო წლებში ევროპაში „ლურჯი საწვავის“ ექსპორტი გააფართოვა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანას „მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ და „ევრაზიის ენერგეტიკულ რუკას გადააკეთებს“.
ევროპა, რომელიც უკრაინის ომის გამო „გაზის კრიზისს“ განიცდის, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გზებს ეძებს. ამან, თავის მხრივ, გაზარდა ინტერესი აზერბაიჯანის მიმართ სამხრეთ გაზის დერეფნის დაინტერესებულ მხარეებში.
SGC-ის ყველა ნაწილის მთლიანი სიგრძე იქნება 3500 კმ ბაქოდან სამხრეთ იტალიამდე საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. 2022 წლის 18 ივლისს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
თავდაპირველად აზერბაიჯანი ბუნებრივ გაზს მხოლოდ საქართველოსა და თურქეთს აწვდიდა. ამჟამად აზერბაიჯანს აქვს გაზის მიწოდების ხელშეკრულებები 7 ქვეყანასთან, რომელთაგან ხუთი ევროპულია. ამ დროისთვის აზერბაიჯანული გაზის უცხოური მიწოდების დაახლოებით 50% ევროპის ქვეყნებზე მოდის.
შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირის ლიდერები აზერბაიჯანს სანდო პარტნიორად და გაზის „პან-ევროპულ“ მიმწოდებლად მიიჩნევენ.
ამჟამად აზერბაიჯანს აქვს ხელშეკრულებები გაზის მიწოდებაზე იტალიასთან, საბერძნეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან და უნგრეთთან.
არის ქვეყნების კიდევ ერთი ჯგუფი, როელსაც აზერბაიჯანიდან გაზის შეძენა სურს. ეს ქვეყნებია: სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ხორვატია, და ჩრდილოეთ მაკედონია.
აზერბაიჯანმა ევროპაში ბუნებრივი გაზის ექსპორტი 2021 წლის 8 მლრდ კუბური მეტრიდან 2023 წელს 11,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა.
ევროკავშირთან მემორანდუმის თანახმად, ბაქომ 2027 წლისთვის ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაზარდოს.
აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი 2,6 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ქვეყანას აქვს კიდევ რამდენიმე პერსპექტიული გაზის საბადო, კერძოდ, ბაბეკი, აბშერონი, უმიდი და ყარაბაღი. ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გაზრდისთვის საჭიროა დამატებითი ინვესტიციები.
სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში აშენებული TAP-ის, TANAP-ის ევროპული მონაკვეთის წლიური სიმძლავრე 10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. იგეგმება ამ მილსადენის სიმძლავრის გაორმაგება. TANAP-ის (დერეფნის თურქული მონაკვეთის) სიმძლავრის გაფართოება 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 24 მილიარდ კუბურ მეტრამდე, შემდეგ კი 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე განიხილება, როგორც მიზანი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ინვესტიციებით.
ინვესტიციების შემდგომი ზრდა მოსალოდნელია, რადგან ევროკავშირის ქვეყნები აზერბაიჯანული გაზის შესყიდვებს აფართოებენ. როგორც ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, ბუნებრივი აირის მარაგი აზერბაიჯანის საბადოებში ქვეყანასა და მის პარტნიორებს მინიმუმ 100 წელი ექნება.