„დიდი შვიდეული“ – დავეხმარებით უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და სხვა ქვეყნებს, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ რუსეთის ომის შედეგად

რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს უკრაინის ეკონომიკის დანგრევა, რათა აანაზღაუროს მისი წარუმატებლობა ბრძოლის ველზე. ჩვენ დავეხმარებით ს გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და დავეხმარებით სხვა დაუცველ ქვეყნებს, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ ს ომის შედეგად, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გამართული ონლაინ სამიტის შემდეგ გამოაქვეყნეს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინელები ორი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან რუსეთის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევას წარმოადგენს და მათ დაამტკიცეს თავიანთი სურვილი, დაამარცხონ პრეზიდენტ პუტინის ომის მანქანა, აღადგინონ თავიანთი ერის ტერიტორიული მთლიანობა და დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„პრეზიდენტმა პუტინმა ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზანს – დაემორჩილებინა უკრაინა. ამის ნაცვლად, ის აიძულებს საკუთარ ხალხს გადაიხადონ მძიმე ფასი მისი მთავრობის უგუნური ქმედებებისთვის ყოველდღე. მან დახარჯა რუსეთის რესურსები არასაჭირო ომის დასაფინანსებლად, დააცალკევა რუსი ოჯახები და ასობით ათასი რუსის სიცოცხლე შეიწირა. დარწმუნებულნი ვართ, რომ შეგვიძლია უზრუნველვყოთ უკრაინის ხალხის გამარჯვება მათი მომავლისთვის ბრძოლაში და ხელი შევუწყოთ ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, გააგრძელებენ უკრაინის თავდაცვის უფლების მხარდაჭერას და ერთგულებას უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების მიმართ, მათ შორის, ორმხრივი უსაფრთხოების ვალდებულებებისა და შეთანხმებების გაფორმებითა და განხორციელებით, უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, რომელსაც გასული წლის ივლისში ვილნიუსში დაუჭირეს მხარი.
“მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვან საერთაშორისო სამართალი და არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმონ რუსეთის მცდელობებს ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიიტაცოს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ე.წ „არჩევნებს“, წარსულსა და მომავალში, რომელსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე მართავს და არც მათ შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ლიდერები ასევე პირობას დებენ, რომ მიმართავენ ძალისხმევას რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემისათვის უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის სპეციალური ტრიბუნალის მეშვეობით და რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისთვის.
“მოვუწოდებთ რუსეთს გაათავისუფლოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მან უკანონოდ დააკავა და უსაფრთხოდ დააბრუნოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ გადაიყვანეს ან დეპორტირებულია, ათასობით ბავშვიდან დაწყებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.