„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა – 2024 წლის პირველი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა სავალდებულო იქნება.
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში ტარდება.
ამავე ცვლილების მიხედვით, გათვალისწინებული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.
7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შემთხვევაში კი, ის ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს:
„10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით.
12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში (გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დაწესებულების დონეზე) სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს“, – წერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
„შესაძლოა, დეპრესია, პანიკური შეტევები, ჰალუცინაციები გამოიწვიოს…“ – რის შესახებ აფრთხილებს მშობლებს გიორგი ღოღობერიძე
„შეგიძლიათ მთელი დღე ამ კოქტეილზე იყოთ“ – ლაშა უჩავას რეცეპტი წონის სწრაფად კლებისთვის
5 მარტივი ხერხი – როგორ ავიცილოთ თავიდან ჭარბი წონა სადღესასწაულო დღეებში