ინდოეთი რუსეთს რუსულ არმიასთან დადებული კონტრაქტების დასრულებამდე მისი მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რანდირ ჯაისვალმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე ინდოელი კონტრაქტით მსახურობს საბრძოლო ზონაში და ასრულებს “დამხმარე სამუშაოებს”.
როგორც ჯაისვალმა აღნიშნა, მოსკოვში ინდოეთის საელჩო აკვირდება ინდოელების ბედს, რომლებიც რუსულ არმიაში მსახურობენ და ამასთან, რუსეთის ხელისუფლებასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. ჯაისვალს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ინდოელი მსახურობს რუსეთში, თუმცა, როგორც Reuters-ი ინდურ წყაროებზე დაყრდნობით აქამდე წერდა, რაოდენობა დაახლოებით 100-ია.
ამასთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ინდოეთის მოქალაქეებს მოუწოდა, “იყვნენ ფრთხილად და ამ კონფლიქტისგან თავი შორს დაიჭირონ”.
როგორც Reuters-ი წერს, ინდოეთში რუსეთის საელჩოს მიმართეს კომენტარის თხოვნით, თუმცა, უწყებას ამ დრომდე პასუხი არ გაუცია.