ვალენსიაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, ხოლო 14 – დაშავდა.
როგორც ვალენსიის მერმა მარია ხოსე კატალამ აღნიშნა, ხელისუფლება კვლავ ცდილობს 9-დან 15-მდე ადამიანის პოვნას, ხოლო მთავრობის რეგიონული წარმომადგენლის თქმით, 14 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა X-ზე დაწერა: “შეძრწუნებული ვარ ვალენსიაში, შენობაში გაჩენილი საშინელი ხანძრის გამო… მსურს ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დაზარალებულ ადამიანს და პატივისცემა სასწრაფო დახმარების ყველა პერსონალს, რომლების შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებულები”.
ხანძარი მრავალსართულიან შენობაში გუშინ, 22 თებერვალს გაჩნდა.
როგორც BBC-ი წერს, ექსპერტების თქმით, ძლიერ აალებადმა მასალამ, რომლითაც კორპუსი იყო მოპირკეთებული, და ქარმა ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.
გამოცემა El Pais-ი შენობის მენეჯერზე დაყრდნობით წერდა, რომ შენობაში სულ 138 ბინაა, სადაც 450 ადამიანი ცხოვრობდა.
შემთხვევის გამო ვალენსიის ხელისუფლებამ გლოვის ოფიციალური დღე გამოაცხადა.