ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის, ზაზა მესხის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქრო მამასახლისის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და აგრძელებს მკურნალობას.
“პაციენტი საეკლესიო საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ის შეყვანილ იქნა ემერჯენსის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, მათ შორის, ქირურგიული ჩარევა. აღნიშნული ღონისძიების შედეგად ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამ ეტაპზე გადაყვანილი არის განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას. მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური” – ამბობს ქუთაისის რეფერალური საავადყოფოს ექიმი ზაზა მესხი.
როგორც ინტერპრესნიუსი წერს, არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ზაქრო მამასახლისია.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება, სავარაუდო დამნაშავე დაზარალებულის მეზობელია და მან კაცს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1 პირი, გამოძიება კი დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.