რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების ჩუქებისა და გაყიდვისას და შესაძლებელია თუ არა გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება?

იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში უძრავი ქონების ჩუქებისა და გაყიდვის სამართლებრივ რეგულირებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჩუქების ხელშეკრულებით დამოწმება აუცილებელია მხოლოდ უძრავი ქონების გადაცემის დროს, ხოლო მოძრავი ქონების ჩუქებისას, ამის გაკეთება აუცილებელი არ არის. ამავდროულად, აუცილებელია, რომ დასაჩუქრებულისგან თანხმობა იყოს გაცხადებული. თუ დასაჩუქრებული უარს ამბობს ნივთის მიღებაზე, ასეთ დროს ჩუქება ვერ შედგება. ასევე კანონით შესაძლებელია, რომ მჩუქებელმა 1 წლის განმავლობაში უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება ან ნივთი, თუმცა ამ შემთხვევაში არის გარკვეული შეზღუდვა.
„კანონი გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნებაზე აწესებს გარკვეულ შეზღუდვას. თუ მაგალითად, დასაჩუქრებულმა პირმა მჩუქებელს მიაყენა სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა ან უმადურია, ასეთ დროს შესაძლებელია ნაჩუქარის უკან დაბრუნება. ამის დამტკიცება შესაძლებელია სასამართლოში მტკიცებულებად სმს შეტყობინებების, ვიდეო ჩანაწერის წარდგენით ან თუნდაც მოწმის მიყვანით“, – აღნიშნა იურისტმა.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არ შეიძლება ისეთი ქონება, რომელიც მჩუქებლისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
„სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ მემკვიდრეები, მეზობელი ან სხვა ადამიანი სთავაზობს, რომ მას აჩუქოს სახლი და ამის სანაცვლოდ ჰპირდებიან მზრუნველობას სიცოცხლის მანძილზე. ჩუქების გაფორმების შემდეგ კი პირი აღარ ასრულებს ამ პირობას და არ პატრონობს მოხუცს.
ამ დროს არსებობს, სამისდღემშიოდ შენი-ს ხელშეკრულება, რომელიც დაინტერესებულ პირს ავალდებულებს განახორციელოს მოვლა პატრონობა უძრავი ქონების მფლობელზე, ხოლო მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, უძრავი ქონების რეესტრი ამ ქონებას დაარეგისტრირებს მზრუნველობის გამცემ პირზე“, – განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.
მან ასევე განმარტა, თუ რით განსხვავდება ანდერძი ჩუქებისგან.
„არსებობს სამი განმასხვავებელი ნიშანი. პირველი ის, რომ მოანდერძე რჩება მესაკუთრედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო ჩუქებისას ის ქონების განკარგვის უფლებას კარგავს.
მეორე – მოანდერძეს მისი სიცოცხლის განმავლობაში შეუძლია ანდერძი შეცვალოს, მემკვიდრეებისთვის შეუტყობინებლად.
მესამე – ანდერძით ქონების გადაცემისას, მემკვიდრეებს ის თავისი ვალებით გადაეცემათ. თუ უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით ან ადევს სხვა ტიპის ვალდებულება, მისი გადახდის პასუხისმგებლობა გადადის მემკვიდრეობის მიმღებზე. თუ მემკვიდრეს არ უნდა ვალიანი ქონების მიღება, მას მთლიან მემკვიდრეობაზე უარის თქმა უწევს. ჩუქების დროს კი, თუ ქონებას ვალი აქვს, ქონების მიმღებმა იცის ამის შესახებ და თანხმობა უნდა განაცხადოს ასეთი ქონების საჩუქრად მიღებაზე“, – განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.
იურისტის განმარტებით, ჩუქებისა და გაყიდვის დროს იუსტიციის სახლში რეგისტრაციის ხარჯები 150-იდან 350 ლარამდე მერყეობს.
ჩუქების დროს წარმოიშობა 20%-იანი გადასახადი, საშემოსავლო გადასახადის სახით, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროს აუცილებლად გადასახდელია. მისი გადახდისგან თავისუფლდებიან პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები, მაგრამ თუ პირი უძრავ ქონებას აჩუქებს მეგობარს, ის ვალდებულია 20% სახელმწიფოს გადაუხადოს.