„კოლექციონერების კუთხით საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე ვართ“ – როგორია საქართველოში მინიატურულ მოდელებზე მოთხოვნა

საქართველოში მინიატიურული მოდელების იმპორტი 10 წლიან მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით 2023 წელს საქართველოში $35,779.65 – ის 5178 ტონა სათამაშოების იმპორტი (სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული ზომის და ანალოგიური მოდელები; თავსატეხები) განხორციელდა.
როგორია საქართველოში მინიატურულ და ანალოგიურ მოდელებზე მოთხოვნა, გვყავს თუ არა კოლექციონერები და რა ღირს თვითმფრინავების, ავტომობილების, გემების მატარებლების და სხვა ტრანსპორტის საკოლექციო ნიმუშები. თემასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ საქართველოში პირველი სპეციალიზებული მაღაზიის „მინიმას“ დამფუძნებელს ნიკოლოზ ჯოხაძეს დაუკავშირდა. ჯოხაძის თქმით „მინიმაში“ წარმოდგენილი მოდელები ნებისმიერ სეგმენტზეა გათვლილი, მათი ღირებულება 40 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აღწევს.
„ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნა გაზრდილია, ბაზარი შეზღუდულია, ეს მიმართულება უფრო განვითარებული და მსყიდველუნარიანი ბაზრების ჰობია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ერთადერთი სპეციალიზებული მაღაზია გვაქვს, გაყიდვებში სომხეთი და აზერბაიჯანიც გვეხმარება, ტურისტებს რომ თავი დავანებოთ, კოლექციონერები ჩამოდიან და ჩვენთან ყიდულობენ მოდელებს.
მოლოდინი როგორიც გვქონდა, ისეთია, ხუთი წელია რაც ბაზარზე ვართ, მოდელების პოპულარობა გაიზარდა და ადამიანები ცდილობენ. რომ გამოიწერონ“ – აღნიშნა ნიკოლოზ ჯოხაძემ.
ჯოხაძის თქმით, კოლექციონერების მიმართულებით მაჩვენებელი საქართველოში ევროპული საშუალო მაჩვენებლის მსგავსია, მისივე თქმით აღნიშნული მიმართულებით უფრო დაინტერესებული არიან ცენტრალური და დასავლური ევროპელები და ეს საქართველოში „მინიმას“ მიმართ ტურისტების დაინტერესებიდანაც ჩანს.
„ტურისტებსაც ვაკვირდებით, უფრო დასავლეთ ევროპელები ინტერესდებიან, რაც შეეხება არჩევანს, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მანქანების შემცირებულ მოდელებს, მატარებლებს, თვითმფრინავებს, ავიაციას სამხედრო ტექნიკას და სხვა. კონკრეტული მოდელის მიმართ ინტერესს დიდად ვერ გამოვყოფ, ყველა თანაბრად იყიდება“ – აღნიშნა ნიკოლოზ ჯოახაძემ