მახინჯაურში 22-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ბათუმელები“ ავრცელებს და წერს, რომ კომპლექსს შპს “სითი ქონსთრაქშენი 2022” ააშენებს.
როგორც გამოცემა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს, კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რის გამოც კვარტლის განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) მომზადება მოსთხოვეს. დასაგეგმარებელი ტერიტორია 43 საკადასტრო ერთეულს და ერთ დაურეგისტრირებელ ნაკვეთს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 39 560 კვადრატული მეტრია. მშენებლობა დაგეგმილია 15 970 კვ.მეტრზე. კომპანია სამი 22 სართულიანი და ხუთი 3-6 სართულიანი შენობების მშენებლობას გეგმავს.
ასევე, ცნობილია, რომ გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთებზე ძირითადად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებია განთავსებული. გდგ-ში ასევე ვკითხულობთ, რომ გეგმარებით ერთეულის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ნაწილი განახლებულია, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ახლა მიმდინარეობს მშენებლობები.
გამოცემის ცნობით, განაშენიანების დეტალურ გეგმაში პროექტის განხორციელების საჭიროებას განახლების აუცილებლობით ხსნიან: “მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტერიტორია გახადოს უფრო თანამედროვე, პრესტიჟული, მოთხოვნადი უძრავი ქონების ბაზარზე, გაზარდოს საბინაო ფონდი, შეიქმნას უკეთესი საინვესტიციო გარემო და გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა”.
განაშენიანების დეტალურ გეგმას კვარტალში მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვაც ჭირდება: დოკუმენტში წერენ, რომ გამოკითხულები ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს დადებითად აფასებენ, რადგან საცხოვრებელი უბანი ბევრად პრესტიჟული გახდა. ხოლო მშენებლობის მოწინააღმდეგე რესპონდენტების განწყობა, დოკუმენტის თანახმად, პასუხებიდან გამომდინარე უფრო ზოგადი ხასიათისაა.
“თუმცა უარყოფითად განწყობილი რესპონდენტების ნაწილი იქვე აღნიშნავს, რომ მშენებლობა განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და საინვესტიციო ინტერესი შეუქცევადი პროცესია და საბოლოოდ ინვესტიციის განხორციელებით შესაძლოა უფრო მეტი სიკეთის მიღება, ვიდრე – პირიქით. უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ მომავალ მშენებლობას, საერთო გამოკითხულთა 9.75%-ია. კვლევამ ცხადყო, რომ მრავალბინიანი სახლის აშენების შემდგომ უბნის განვითარების დადებითი დინამიკა გარდაუვალია.” – წერია კომპანიის დასკვნაში.
დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 39 560 კვ.მეტრია, აქედან კომპანიის ფართობი 15 970 კვ. მეტრია.