დანი ალვეში კატალონიურმა სასამართლომ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო

ესპანური ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კატალონიურმა სასამართლომ დანი ალვეში დამნაშავედ ცნო 2022 წლის 30 დეკემბერს ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტზე.
ორი დღის შემდეგ ქალმა დანი ალვეშის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, ყოფილმა ფეხბურთელმა ის კლუბის ტუალეტში გააუპატიურა.
ალვეში ამტკიცებდა, რომ ქალს საშუალება ჰქონდა ტუალეტი დაეტოვებინა “თუ მას ამის სურვილი ჰქონდა”, თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ქალს მისთვის თანხმობა არ მიუცია.
სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეში დაზარალებულის ჩვენების გარდა, არსებობს მტკიცებულება, რომელიც გაუპატიურების ფაქტს ადასტურებს.
სასამართლომ ალვეშს დაზარალებულისთვის 150 000 ევროს გადახდაც დააკისრა.