ბრიტანულმა Sky News-მა ოფიციალური საბაჟო სტატისტიკის დეტალური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სანქციების მიუხედავად, რუსეთი ბრიტანეთიდან საქონლის მიღებას აგრძელებს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გავლით. რეპორტაჟში საქართველოც არის ნახსენები.
Sky News-ის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთიდან რუსეთში ექსპორტი სანქციების დაწესების შემდეგ მკვეთრად შემცირდა, ექსპორტი გაერთიანებული სამეფოდან ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ჯგუფში – უზბეკეთიდან საქართველომდე, უპრეცედენტო ტემპით გაიზარდა.
“დიდი მოცულობის “ორმაგი დანიშნულების” ბრიტანული საქონელი კვლავ პოულობს გზას მოსკოვისკენ. ის იგზავნება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, საიდანაც ისინი რუსეთში გადააქვთ”, – აცხადებს Sky News-ი.
ტელეკომპანიის ცნობით, ბრიტანეთიდან ყირგიზეთში ექსპორტი დაახლოებით 1 100% გაიზარდა. 2022 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია სომხეთშიც.
“ბრიტანული საქონლის ექსპორტი კავკასიის და ცენტრალური აზიის 4 ქვეყანაში, ომის დაწყების შემდეგ 500%-ზე მეტით გაიზარდა”, – აცხადებენ კვლევის ავტორები. საუბარია დრონებისა და ვერტმფრენის ნაწილებზე, სანავიგაციო და სხვა სახის აღჭურვილობასა და ტექნიკაზე.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ამ 4 ქვეყანაში გაგზავნილი საქონლის ყველაზე დიდი კატეგორია იყო “თვითმფრინავების, შვეულმფრენების ან უპილოტო თვითმფრინავების ნაწილები”.