“გასულ წელს მატრასებზე ფასები შევამცირეთ” – Royal Georgia

ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების მწარმოებელი ქართული კომპანია Royal Georgia გასულ 2023 წელს BM.GE-სთან აჯამებს. როგორც მისმა დამფუძნებელმა, თეა მაისურაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 2023 წელი კომპანიისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, რასაც ახალი ფილიალის დამატებამ შეუწყო ხელი.
“2023 წელს ერთი ფილიალი ქალაქ გორში დავამატეთ, რომელმაც 5-6 მსხვილი სასტუმროს დაკომპლექტების საშუალება მოგვცა. გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, გასულ წელს ახლად გახსნილი სასტუმროების უმრავლესობა, სწორედ ჩვენი მატრასებით მომარაგდა”, – ამბობს თეა მაისურაძე და აღნიშნავს, რომ გასულ წელს საწარმომ 5 000-ზე მეტი ერთეული მატრასი აწარმოვა.
გარდა ამისა, დამფუძნებლის თქმით, Royal Georgia-მ გასულ წელს საწარმო ახალი დანადგარებითაც აღჭურვა, რამაც საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა.
“შევიძინეთ ისეთი დანადგარები, რომლებიც დიდ მატრასებს ერთ მთლიან რგოლად ახვევს, მისი გახსნის შემთხვევაში კი პირვანდელ სახეს უბრუნებს. ამ შეფუთვით ტრანსპორტირების ხარჯები მცირდება, რადგან ერთ ტრანსპორტში უფრო მეტი მატრასის ჩადება შეგვიძლია. გარდა ამისა, მარტივდება მისი გადაადგილებაც მომხმარებლისთვის, სართულებზე ატანა”, – ამბობს Royal Georgia-ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება მატრასების სარეალიზაციო ფასებს, თეა მაისურაძე აღნიშნავს, რომ გასულ წელს მომხმარებლებისთვის პროდუქტი, საშუალოდ, 300 ლარით გაიაფდა.
“თუ ადრე ორთოპედიული ორსაწოლიანი მატრასები 800 ლარამდე ღირდა, გასულ წელს შევძელით, რომ 300 ლარით გაგვეიაფებინა. შესაბამისად, მომხმარებელს გამძლე, ნატურალური ბამბის ქსოვილით აწყობილი მატრასის ყიდვა 500 ლარად შეეძლო. ასეთმა ბიუჯეტურმა ფასებმა კი უფრო მეტი მომხმარებელი გააჩინა.