რუსეთის ქალაქ სალეხარდის სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის დედის საჩივარს, რომელიც შვილის ცხედრის გადაცემას ეხება. ლუდმილა ნავალნაია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.
რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისი ოჯახისთვის ცხედარი ამ დრომდე არ გადაუციათ და არც უჩვენებიათ.
ლუდმილა ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 20 თებერვალს მიმართა და შვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. იმავე დღეს, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ საჩივრით მიმართეს ქალაქ სალეხარდის სასამართლოს.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ მიერ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 21 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს მიღებულ საჩივარს სასამართლო 4 მარტს, დახურულ სხდომაზე განიხილავს.
19 თებერვალს, ლუდმილა ნავალნაია და ადვოკატები არ შეუშვეს ქალაქ სალეხარდის მორგში, სადაც სავარაუდოდ, ალექსეი ნავალნის ცხედარია, საგამოძიებო კომიტეტში კი განუცხადეს, რომ ცხედრის ექსპერტიზა თოთხმეტ დღეს გაგრძელდება.
· რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რენიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
· ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 47 წლის ალექსეი ნავალნი თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში.
· ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
· „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის გამო, რასაც წინ მისი მოწამვლა, პოლიტიკური ნიშნით გასამართლება და კოლონიაში უმძიმეს პირობებში ყოფნა უძღოდა, დასავლეთის სახელმწიფოები პასუხისმგებლობას პუტინის რეჟიმს აკისრებენ.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებენ. ევროკავშირი აუცილებლად მიიჩნევს ნავალნის სიკვდილის გარემოებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას.
დაწერეთ კომენტარი