„წამყვან ონკოლოგებს არ აქვთ ინფორმაცია, რომელი არარეგისტრირებული მედიკამენტი გამოიყენება საქართველოში“ – სალომე ლოლუა

„ვესაუბრე ექიმებს და შემიძლია ვთქვა, რომ წამყვან ონკოლოგებს არ აქვთ ინფორმაცია რომელი მედიკამენტების გამოყენებაზეა საუბარი“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ არარეგისტრირებული პრეპარატების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით კომენტარისას განუცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის კონკრეტული, შესაბამისად, რთულია იმაზე საუბარი, თუ რომელი პრეპარატები, რომელი ექიმების მიერ ინიშნებოდა მკურნალობაში.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტებს სამკურნალო მედიკამენტების მოძიება ნამდვილად უჭირთ, რასაც კიდევ უფრო ართულებს თურქეთის მხრიდან მედიკამენტების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა.
„რაც შეეხება პაციენტებს, მათი ინფორმაციით, თურქეთიდან საქართველოში აკრძალულია ონკოლოგიური მედიკამენტების ექსპორტი, რომელიც თურქეთს შეაქვს ან თავად აწარმოებს. როგორც მათ მითხრეს, პრეზიდენტ ერდოღანის ბრძანებით, თურქეთის იმპორტი და წარმოება გათვლილია მხოლოდ ადგილობრივი პაციენტებისთვის.
ასეთია მაგალითად „იქსგევა“. ეს მედიკამენტი ევროპაში 3-4 ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თურქეთში, მაგრამ საქართველო, როგორც გითხარით, პაციენტების ინფორმაციით, თურქული წარმოებით ვერ სარგებლობს“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ.
იგი ადასტურებს, რომ ბაზარზე მართლაც სერიოზული დეფიციტია და ამის მთავარ მიზეზად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ასახელებს.
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო ბევრი რეგისტრირებული მედიკამენტი დეფიციტშია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ ისინი იმდენად დაბალ ღირებულებად განაფასა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ისინი არ შემოაქვთ.
მე არ შემიძლია იმაზე საუბარი, თავად რამდენად შემოაქვს ან ვერ შემოაქვს სახელმწიფოს პრეპარატები, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ რეფერენტული ფასების დაწესება, ნამდვილად გახდა დეფიციტის მიზეზი.
ასეთივე მდგომარეობაა სხვა მედიკამენტებზეც. მაგალითად, მქონდა კომუნიკაცია მეან-გინეკოლოგებთან და მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან დიდ დეფიციტშია რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ორსულებისთვის საჭირო მედიკამენტი, რომელიც მათ სჭირდებათ 2 დოზა, 28-ე კვირაზე და მშობიარობიდან 48სთ-ის განმავლობაში. ეს მედიკამენტი საკმაოდ ძვირად ღირებულია, სახელმწიფო არ აფინანსებს და ბაზარზე არის სერიოზული დეფიციტი.
ჯანდაცვის სამინისტროს პასუხია, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს მის შემოტანას არავინ უშლის და შეუძლიათ შემოიტანონ“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ.