90% შესრულებულია და ათვისებულია 756 მლნ აშშ დოლარი – როგორ მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია, რომლის სრულად დასრულება 2024 წლის ბოლომდე იგეგმება. ამის შესახებ „კომერსანტს“ მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
„დღეის მდგომარეობით, შესრულებულია სამშენებლო სამუშაოების 90%. მათი დასრულება იგეგმება 2024 წელს, რის შემდეგაც მოხდება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება“, – განაცხადეს მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაციაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის ინვესტიცია აზერბაიჯანულმა მხარემ ჩადო, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე 756 მლნ დოლარი არის ათვისებული.
„საერთაშორისო საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, დღეისათვის ათვისებულია 756 მლნ აშშ დოლარი“, – განმარტავენ მარაბდა-კარწახის რკინიგზაში.
რაც შეეხება ტვირთებს, პროექტის დასრულების შემდეგ, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარება და რკინიგზა სხვადასხვა სახეობის ტვირთს მოემსახურება. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებითაც შესაბამისი იურიდიული პროცედურები უკვე დაწყებულია.
ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა.
რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო.
ორი დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განახლების სამუშაოები სწრაფად უნდა დასრულდეს.
გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბერში აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ პროექტის 90 პროცენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, უკვე დასრულებული იყო.