პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.საკანონმდებლო პაკეტი 81- ხმით, 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, ში, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება – “საარჩევნო კოდექსიდან“ ამოღებულია მუხლები, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის პოსტი საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენდა და აღნიშნულ თანამდებობაზე პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნებოდა.
ამასთან, “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.
მიღებული კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5-წლის ვადით დაიწყებენ.
იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ის ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.
პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ელ მაისამდე აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის