კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ერთ-ერთი მონაწილე „საქპატენტის“ რჩეული გახდა.
„საქპატენტის“ ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ყოველწლიური კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, კონკურსის დაარსების დღიდან მისი ერთგული მხარდამჭერი და საკონკურსო კომისიის მუდმივმოქმედი წევრია.
„კონკურსი 2011 წლიდან ტარდება და მისი ორგანიზატორია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ასევე მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
„ლეონარდო და ვინჩის“ 2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 29 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი. მეორე ეტაპზე გადავიდა 16 პროექტი, აქედან, დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა 12-მა პროექტმა. კონკურსმა ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლინა და წაახალისა გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები. კონკურსში მონაწილეობდნენ სახელმწიფო და კერძო სკოლების მე-7-12 კლასების მოსწავლეები.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ ჭანტურია დააჯილდოვა, რომელმაც ყველაზე მეტად დააკმაყოფილა საქპატენტის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები – სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. საქპატენტის მიერ შერჩეულმა კონკურსანტმა – ეპისტოპი, იგივე ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება გამოიგონა. საქპატენტის თავმჯდომარემ მას ფასიანი საჩუქარი გადასცა.
„ლეონარდო და ვინჩის“ 2023 წლის გრანპრი დაიმსახურა პროექტმა სახელწოდებით – „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი“. გუნდის წევრები არიან: ირაკლი ვეშაპელი, საბა კუტიბაშვილი, ანასტასია კიკალია. საპრიზო პირველი ადგილი მოიპოვეს ნიკა ყუფარაძემ, კონსტანტინე გოტიაშვილმა, მარიამ პერანიძემ პროექტით – „BCD- ტვინით მართვადი დრონი“, მეორე ადგილის პრიზიორები გახდნენ ანასტასია დეკანოიძე, მარიამ ლომინაშვილი, ნიკოლოზ ბურდული პროექტით – „ადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება“, საპრიზო მესამე ადგილი ერგო პროექტს სახელწოდებით – „ფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა“, გუნდის წევრები არიან: ნინო გურეშიძე, ზურაბი რეზესიძე, სანდრო ჩიქოვანი.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან დღემდე კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი” წარდგენილი იყო 1257 საკონკურსო განაცხადი, ინოვაციური პროექტი. აქედან 341 პროექტი საქართველოს რეგიონებიდან, ხოლო 916 – თბილისიდან.
კონკურსი ხორციელდება ორი – სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ქიმია, ბიოქიმია, ასტრონომია, კოსმოლოგია, ფიზიკა, საინჟინრო მექანიკა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.