„ხელისუფლება ფინანსურ სექტორს ძალიან ბევრი და მკაცრი რეგულაციებით ებრძვის, რომლებიც საბოლოოდ ხალხს აზარალებს“ – რატომ შემცირდა ბანკების კლიენტების რაოდენობა
საქართველოს კომერციული ბანკის კლიენტების რაოდენობა 1.578 მლნ-მდეა შემცირებული. კრედიტინფოს განახლებული ანგარიშით, 2023 წლის თებერვლის ბოლოს სექტორს 1.622 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, წელს კი მათი რაოდენობა თითქმის 40 000-ით შემცირდა. კრედიტინფოს ანგარიშით, პირველი თებერვლის მდგომარეობით, ბანკის კლიენტებთან 39.8 მლრდ ლარის მოცულობის აქტიური სასესხო კონტრაქტია გაფორმებული.
საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ ფინანსური სექტორის მომხმარებელთა რაოდენობა ბანკებისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ შეამცირა.
„საბანკო რეგულაციების პარალელურად რთულდება სესხების გაცემის პირობები, გარდა ამისა, მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა იკლებს, ეს ყველაფერი კი აისახება სექტორის კლიენტების რაოდენობაზე.
პრობლემის მთავარი მიზეზი არის სიდუხჭირე და ინფლაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი ვერ ერევა. გარდა ამისა, მოსახლეობის შემოსავლები არ მატულობს, რეფინანსირების განაკვეთი კი, რითაც ბანკი ინფლაციის მოთოკვას ცდილობს, მოსახლეობას აღარიბებს, რადგან ლარში გაცემული სესხების უდიდესი ნაწილის პროცენტის მოცულობა სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფლაციური მოლოდინი ბიზნესის მხრიდან, რაც ფასების ზრდას იწვევს. ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს, ანუ მოსახლეობა ან ვერ იხდის სესხს, ან არ იხდის ან კიდევ ე.წ. „შავ სიაშია“ და არ აძლევენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არათუ იზრდება, არამედ უკან-უკან მიდის.
მთავარი პრობლემაა, რომ ხელისუფლება ფინანსურ სექტორს ძალიან ბევრი და მკაცრი რეგულაციის დაწესებით ებრძვის, ამას რაღაც მიზეზებით ამართლებენ, მაგრამ ვიღებთ ბევრ პრობლემას, რომლებიც საბოლოოდ ხალხს აზარალებს“, – ამბობს ლია ელიავა.
ცნობისთვის, 2024 წლიდან მსესხებლებისთვის ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში. ლარიზაციის დაჩქარებისთვის ეროვნულმა ბანკმა ლარში სესხების გაცემის ზედა ჭერი 200 000-იდან 300 000 ლარამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 300 000 ლარამდე სესხის აღებას ფიზიკური პირი თუ კომპანია მხოლოდ ლარში შეძლებს. გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემის ზღვარი 15 ათასიდან 30 ათას ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად თუ ბანკების ყოველთვიური სავალდებულო შენატანი 3.6 მილიონი ლარი იყო, ახალი რეგულაციის პირობებში 5 მილიონ ლარს მიუახლოვდება.