IDF: ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება არ გაგვიცია

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
“დღეს დილით, IDF-მა დააკმაყოფილა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის თხოვნა, რომ ღაზის მცხოვრებლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და ევაკუაცია სურთ, უსაფრთხო გზით დატოვონ საავადმყოფო”. – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
“IDF-ს არ გაუცია ბრძანება პაციენტების ან სამედიცინო პერსონალის ევაკუაციის შესახებ, ფაქტობრივად შევთავაზეთ, რომ ევაკუაციაში დავეხმარებოდით.
[…] სამედიცინო პერსონალი დარჩება საავადმყოფოში იმ პაციენტების დასახმარებლად, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ”. – აღნიშნავენ ს თავდაცვის ძალებში.
IDF ასევე აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს გასულ ღამით დამატებით საკვები, წყალი და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა.
აქამდე, სააგენტო AFP-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
საავადმყოფოს დირექტორის, მუჰამედ აბუ სალმიას თქმით კი, მას 650 პაციენტის, იძულებით გადაადგილებული პირების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია დაავალეს.
ამასთან, გასულ დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე საბავშვო ბაღში ნაღმტყორცნი აღმოაჩინეს. 17 ნოემბერს ისრაელის თავდაცვამ შესაბამისი ფოტო მასალაც გაავრცელა, სადაც ჩანს 12 ნაღმტყორცნი შენობის შიგნით.
ბაღში აღმოჩენილი ნაღმტყორცნების შესახებ ინფორმაცია მოყვა ისრაელის მხარის ცნობას, რომ IDF-მა ჰამასის ახალი მიწისქვეშა ქსელები აღმოაჩინა, რომელიც ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსს უკავშირდება.