ჩვენ არ მოგვითხოვია ალ-შიფას ევაკუაცია, საავადმყოფოს დირექტორმა ითხოვა | IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ მათ არ მოუთხოვიათ ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაცია. IDF-ის განმარტებით, ისინი დათანხმდნენ მისი დირექტორის თხოვნას, დახმარებოდნენ ევაკუაციაში. მათივე თქმით, უსაფრთხო მარშრუტი გახსნილია და ვისაც სურს, შეუძლია საავადმყოფო დატოვოს.
“დღეს დილით, IDF-მა დააკმაყოფილა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის თხოვნა, რომ ღაზის მცხოვრებლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და ევაკუაცია სურთ, უსაფრთხო გზით დატოვონ საავადმყოფო. IDF-ს არ გაუცია ბრძანება პაციენტების ან სამედიცინო პერსონალის ევაკუაციის შესახებ, ფაქტობრივად შევთავაზეთ, რომ ევაკუაციაში დავეხმარებოდით…სამედიცინო პერსონალი დარჩება საავადმყოფოში იმ პაციენტების დასახმარებლად, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ,” – ამბობს IDF.
IDF-ში ასევე ამბობენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს გასულ ღამით დამატებით საკვები, წყალი და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა. AFP-ის ჟურნალისტი იტყობინებოდა, რომ სავალდებულო ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია ხმის გამაძლიერებლის საშუალებით ვრცელდებოდა.