გაეროს უმაღლესმა სასამართლომ ისრაელის მიერ მიწების ოკუპაციის საკითხზე მოსმენები დაიწყო

ორშაბათს პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელს ბრალი აპარტეიდში დასდო და გაეროს უმაღლეს სასამართლოს მოუწოდა, ს მიერ პალესტინელთა სახელმწიფოსთვის გამიზნული მიწების ოკუპაცია უკანონოდ გამოაცხადოს და ოკუპაციის დაუყოვნებელი და უპირობო დასრულებისკენ მოუწოდოს.
ბრალდება ისტორიული სასამართლო მოსმენის დასაწყისში გაჟღერდა, რომელიც პალესტინური სახელმწიფოსთვის გამიზნული მიწების 57 წლიანი ოკუპაციის კანონიერების საკითხს განიხილავს. მოსმენა ისრაელ -„ჰამასის“ ომის ფონზე დაიწყო. ომი განხილვის მთავარ საგნად იქცა, როდესაც მოსმენის ფოკუსში მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის, ღაზის სექტორის ისრაელის მიერ განუსაზღვრელი დროით კონტროლი და აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია უნდა ყოფილიყო.
სასამართლო სესია, რომელიც, სავარაუდოდ, ექვს დღეს გაგრძელდება, გაეროს გენერალური ასამბლეის თხოვნით ტარდება და მისი მიზანია შეიმუშაოს ლეგალურად არასავალდებულო დასკვნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის პოლიტიკას შეეხება. არსებობს მოლოდინი, რომ მოსამართლეებს დასკვნის შესამუშავებლად თვეები დასჭირდებათ.
პალესტინელები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მიწის დიდი ნაწილების ოკუპაციით, ისრაელმა ტერიტორიის დაპყრობის აკრძალვა და პალესტინელების თვითგამორკვევის უფლება დაარღვია და რასობრივი დისკრიმინაციის და აპარტეიდის სისტემა დაამყარა.
პალესტინელთა მიმართვის შემდეგ, სიტყვით 51 ქვეყანა და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოვა. მოსმენაზე ისრაელის სიტყვით გამოსვლა არ არის დაგეგმილი, მაგრამ ქვეყანა წერილობით განცხადებას წარმოადგენს.
ექსპერტების აზრით, ისრაელი მიმდინარე ოკუპაციას, სავარაუდოდ, უსაფრთხოების მიზეზით გაამართლებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამშვიდობო შეთანხმება არ არსებობს.