საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო.
მისი თქმით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მიგრანტისთვის საქართველოში ყოფნისთვის უკანონო ხელშეწყობისთვისაც წესდება.
„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე წესდება, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა-ხელშეწყობა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
„გამოძიების ორგანო უფლებამოსილია, გამოძიება აღნიშნული დანაშაულების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყოს. ცვლილება სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას ითვალისწინებს, რომლის მინიმალური ოდენობა 2000 ლარია, ხოლო მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და აღნიშნულს მოსამართლე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაადგენს. მსჯავდებულის მატერიალური მდგომარეობა მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით განისაზღვრება. კანონპროექტი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ