ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია, თუმცა მათივე ცნობით, თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი უარს აცხადებს კონსულტაციასა და შეხვედრაზე.
“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა, თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციასა, თუ – შეხვედრაზე.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ, ამ მიმართულებით, 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები”. – წერს კუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სამინისტრო ამტკიცებს, რომ “კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ – ღირსეული კომპენსაციით”.
თბილისის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროება განსახილველ საკითხად გასულ წელს იქცა. 2023 წლის 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.
ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენდა და კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩებოდა.
მიმდინარე წლის 22 იანვარს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟისა და მის ბაზაზე ახალი მრავალპროფილური კლინიკის მოწყობის გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს თანამშრომლებს შეთავაზებების პაკეტიც წარუდგინა.
დემონტაჟის გადაწყვეტილებას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე კვირაა აპროტესტებს.