იურისტის განცხადებით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები მზად არიან სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განიხილონ „პროფესიული კავშირის“ ინიციატივა მინიმალური ხელფასის სტანდარტის დანერგვის შესახებ

იურისტის, ჯაბა უროტაძის განცხადებით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები მზად არიან სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განიხილონ „პროფესიული კავშირის“ ინიციატივა მინიმალური ხელფასის სტანდარტის დანერგვის შესახებ.
აღნიშნული შესახებ განცხადება მან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„საკანონმდებლო წინადადებით, ცვლილება შედის შრომის კოდექსში, რომლითაც მინიმალური ხელფასი განისაზღვრება სრულ განაკვეთზე დასაქმებულებისთვის თვეში დარიცხული 636 ლარის ოდენობით. არასრულ განაკვეთზე დასაქმებულებისთვის საათში დარიცხული 3.70 თეთრით. მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას მიმდინარე კალენდარული წლის არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა. მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს განხილვის წინა წლის საშუალო ხელფასის 40%-ზე ნაკლები ოდენობის.
ჩვენ მივიღეთ წერილი ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებიდან, ორივე სამინისტრო მომხრეა, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ჯერ ეს საკანონმდებლო ინიციატივა განხილული იყოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე. რაც შეეხება ევროპულ სტანდარტებს, 2022 წელს მიღებული იყო დირექტივა მინიმალური ხელფასის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოები არ არიან ვალდებულები, მინიმალური ხელფასი აუცილებლად კანონმდებლობით დაადგინონ, თუ ქვეყანაში არა კანონმდებლობით, არამედ კოლექტიური ხელშეკრულებებით დგინდება მინიმალური ხელფასი, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია წაახალისოს სოციალური პარტნიორები კოლექტიური ხელშეკრულებების დასადებად და მიიღოს ზომები კოლექტიური ხელშეკრულებების მოცვის გასაზრდელად. ევროკავშირის სტანდარტია, რომ დაქირავებით დასაქმებულის დიდი ნაწილი მოცული იყოს კოლექტიური ხელშეკრულებებით“,- აღნიშნა იურისტმა.
რაც შეეხება შენიშვნებს, საკამათოა მინიმალური ხელფასის დადგენის/განახლების მიბმა მხოლოდ საშუალო ხელფასსა და ინფლაციის დონეზე.
„იმისთვის, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებამ და ზრდამ არ გამოიწვიოს ეკონომიკურ განვითარებასა და უმუშევრობაზე საგრძნობი უარყოფითი ზეგავლენა, არ დააჩქაროს ინფლაციის ზრდა, შესაძლოა უმჯობესი იყოს უფრო რთული მექანიზმის არსებობა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მხედველობაში მიიღება ეკონომიკური ზრდის დონე, უმუშევრობის და დასაქმების დონე, შრომის პროდუქტიულობა და სხვა“,- აღნიშნა იურისტმა.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე წინადადებით შემოვიდა მიიღონ საკანონმდებლო ინიციატივა, ოღნოდ იქამდე მოხდეს ამ საკითხის სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განხილვა.
„შემოვალ წინადადებით, კომიტეტი დაეთანხმოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეკომენდაციებს, ვღებულობთ ამ საკანონმდებლო ინიციატივას, ოღონდ იქამდე მოხდეს ამ საკითხის სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განხილვა“,- აღნიშნა მან, შემდეგ კი კომიტეტმა მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება