შოვის განვითარების პროექტის შემსრულებელ კომპანია “სიმეტრიაში” აცხადებენ, რომ კორორტზე არსებული მიწების მფლობელებს სახელმწიფომ ალტერნატიულ საკურორტო ზონაში ადგილმონაცვლეობა უნდა შესთავაზონ. დეველოპერული კომპანიის საინვესტიციო პროექტების მმართველი ირაკლი ბერეკაშვილმა „საქმიანი დილასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ინვესტორების მხრიდან სხვა კურორტის განვითარებაზე მზაობა არსებობს, თუკი ეს ადეკვატურ ზონებში მოხდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 16 თებერვალს გამოქვეყნებული შოვის სტიქიის შეფასების შესახებ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება რეკომენდებული არ არის, ამასთან სტიქიის ზონაში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია. დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს დამტკიცებული შოვის გენგეგმა უნდა გააუქმოს. თუმცა გარემოს დაცვის მინისტრი მათ საპასუხოდ ამბობს, რომ შოვის გენგეგმის გაუქმებისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება იქნება საჭირო.
შოვის ტრაგედიამდე კომპანია „სიმეტრია“ კურორტზე $140 მლნ-იან პროექტის განხორციელებას გეგმავდა. მრავალწლიანი მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, შოვის ტრაგედიამდე, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღად 2024 წელი სახელდებოდა.
დეველოპერული კომპანია “სიმერტრიის” საინვესტიციო პროექტების მმართველი ირაკლი ბერეკაშვილი “საქმიან დილასთან” საუბრისას ამბობს, რომ ჯერჯერობით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ინვესტორთან კომუნიკაცია არ ყოფილა.
„დასკვნას და შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილსაც გავეცანით. დასკვნების სისწორის მსჯელობაში ცხადია არ შევალთ. ამ ფონზე გვაქვს სიტუაცია, რომ შოვის კურორტის არსებობა აზრს კარგავს, მიზანშეუწონელია და თუ რამე ახალი გარემოებები არ გამოიკვეთა, იქ რაიმე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება დაშვებული არ არის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამი ძირითადი მესაკუთრეა, რომლებიც ტერიტორიის 90%-ს ფლობდნენ და ათეულობით სხვა, მცირე ტერიტორიით. მათ ლეგიტიმური კითხვა უჩნდებათ – რა ხდება მათთან მიმართებით, ისევე როგორც ამ სამ ძირითად მფლობელს, რომლის ინტერესებსაც წარმოვადგენთ და რომლებსაც ამბიციური და მასშტაბური გეგმები ჰქონდათ.
სახელმწიფოს ორი რამე რჩება რეალურად, პირველი ეს არის რომ ხეობაში გადაადგილების უსაფრთხო ბილიკები და წესების შექმნაა და მეორე, რაღაც ღირსეული პირობა უნდა იყოს შეთავაზებული იმ მესაკუთრეებისთვის, რომლების წლების განმავლობაში ამ კურორტზე ქონებას ფლობდნენ და მის განვითარებას გეგმავდნენ. რადგან ადგილზე განვითარების პერსპექტივები არ არსებობს, სწორი და მიზანშეწონილი იქნებოდა, მონაცვლეობა სხვა ადეკვატურ საკურორტო ზონებში, რომელიც საქართველოში არსებობს და სახელმწიფო ფლობს მიწას როგორც საკუთრებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ახალი საკურორტო ზონების გამოკვეთის პროცესები… რამდენიმე ასეთი საკურორტო ზონა გამოიკვეთა და ჩემი მოსაზრებით, სწორი იქნება შოვში დაგროვილი განვითარების და საინვესტიციო ინტერესების მონაცვლეობა მოხდეს რომელიმე ამ კურორტზე”, – ამბობს ირაკლი ბერეკაშვილი, თუმცა რომელ კურორტზე არ აკონკრეტებს და განმარტავს: “ეს სახელმწიფო უწყებებთან შემდგომი მუშაობის საგანია. მოზაიკასავით არ არის რომ ავირჩიოთ. პროცესის დამძრავი უნდა იყოს სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც ქვეყნის ტურისტული ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის მიმართულებით უნდა მუშაობდეს. უნდა გაკეთდეს შეთავაზება, შემდეგ დაიწყება განხილვა და საერთო ჯამში ღირებულის შექმნაზე შეჯერება.
გონივრული იქნება თუ ახლა დაიწყება კომუნიკაცია და სამუშაო რეჟიმში შეთანხმდება შემდგომი ნაბიჯები, ადეკვატური მოცულობის განვითარების ზონებში. ისინი ამ მიწის უდიდესი ნაწილის მფლობელები არიან და აინტერესებთ რა პოზიცია ექნება სახელმწიფოს.
შემდგომი განვითარების ინტერესი არსად წასულა, უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული ალტერნატივა, მისი ფინანსური, ეკონომიკური და ტექნიკური შინაარსი უნდა ესადაგებოდეს და გარკვეულწილად შოვის კურორტის განვითარებისა ანალოგი უნდა იყოს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.