ევროკავშირის სახელმწიფოებმა პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა უფლებებთან გათანაბრება დაბლოკეს

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს შეთანხმება, რომელიც პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა შრომით უფლებებთან გათანაბრებას და სხვა გარანტიებს მოიცავდა.
ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმებული კომპრომისული წინადადება გულისხმობდა პლატფორმულ ეკონომიკაში ჩართული პირების თვითდასაქმებულის სტატუსის ცვლილებას მათი მხრიდან გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელთა შორისაა კონკურენტი აპლიკაციის გამოყენების აკრძალვა, სერვისის მიწოდების წესები, ქცევის ნორმები თუ სხვა.
კენჭისყრამ აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა შრომით უფლებებთან იმ პირების გათანაბრება, რომლებიც შემოსავალს პლატფორმული ბიზნესის ისეთ წარმომადგენლებთან პარტნიორობით იღებენ, როგორებიცაა Uber, Deliveroo, Glovo, Wolt, Bolt და სხვები.
უფლებადამცველი ორგანიზაციების მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად შემუშავებული დირექტივა გულისხმობდა, რომ ევროკავშირის მასშტაბით პლატფორმულ ბიზნესში ჩართული 28 მილიონი ადამიანი არასწორად იყო კლასიფიცირებული თვითდასაქმებულად და აუცილებელი იყო, მათ ესარგებლათ ისეთი უფლებებით, როგორიცაა მინიმალური ხელფასი, კოლექტიური მოლაპარაკებები, სამუშაო დროის ლიმიტები, ჯანმრთელობის დაზღვევა, ავადმყოფობის შვებულება, საპენსიო შეღავათები და სხვა, ისევე, როგორც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები სარგებლობენ.
კენჭისყრაზე საკითხი ჩავარდა, ვინაიდან, ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა სახელმწიფომ, გერმანიამ, თავი შეიკავა, ხოლო ესტონეთმა, საბერძნეთმა და საფრანგეთმა ხმა წინააღმდეგ მისცეს.
თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებები საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან ევროკავშირის უმსხვილესი სახელმწიფოები არ ეთანხმებიან პლატფორმული ეკონომიკის იმავე რეგულაციებში მოქცევას, რაც მასში ჩართულ პირებს ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა შრომით უფლებებთან გაათანაბრებს.