გრიგოლ გეგელია – პრემიერი მიუნხენში არ ჩავიდა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი რუტინული შეხვედრებითაა დაკავებული – ილია დარჩიაშვილი 3-ჯერ მეტ შეხვედრას უნდა მართავდეს და უფრო აქტიური უნდა იყოს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები დასვა.
როგორც „ლელოს“ საგარეო მდივანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რუტინული ტიპის შეხვედრებს მართავს.
„ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სწორი აქცენტები დასვა. იმ ფონზე, როცა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე წლებია ამ აქცენტებს საქართველოს ხალხის სახელით და ჩვენი სახელმწიფოს სახელით აღარ სვამს, ამ ფონზე ორმაგად კარგია და მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ აქცენტებს საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ სვამს.
ჩვენ ვიმსახურებთ ყველა შესაძლო მხარდაჭერას და ყურადღებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. მათ შორის, მშვიდობიანი, დეოკუპაციის მისაღწევად და დღეს ამას საქართველოს პრეზიდენტი – სახელისუფლებო შტოებიდან აჟღერებს, დღეს ამას არ აჟღერებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს პრემიერი – პრემიერი, რომელიც ახლა გვყავს, ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორმატში მონაწილეობის მისაღებად არ ჩასულა. ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვხედავთ, რომ რუტინული ტიპის შეხვედრებს მართავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ფონზე, ორმაგად დადებითად წარმოჩნდა, როგორც მაღალი კალიბრის შეხვედრებით და ასევე, სწორი გზავნილებით“, – განაცხადა გეგელიამ.
როგორც გეგელიამ განმარტა, საგარეო საქმეთა მინისტრი მსგავს ფორმატებში დაახლოებით 3-ჯერ მეტ შეხვედრებს უნდა მართავდეს და უფრო აქტიური უნდა იყოს.
„საქართველოს საგარეო მინისტრი ასეთ ფორმატში დაახლოებით 3-ჯერ მეტ ადამიანს უნდა ხვდებოდეს. მე მისი მხრიდან აქტიურობას ვერ ვხედავ. მე ვემხრობი ძალიან ჰიპერაქტიურ და პროაქტიულ საგარეოს პოლიტიკას. ამას არა მარტო ილია დარჩიაშვილისგან ვერ ვხედავ, ზოგადად წინა საგარეო მინისტრებისგანაც ვერ ვხედავდი. როდესაც შენ ხარ საქართველო, ხარ იმ სიტუაციაში, როგორშიც ჩვენი სახელმწიფო არის დღეს, როდესაც ის უნიკალური ფანჯრებია გახსნილი – პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, შენ ბევრად უფრო აქტიური უნდა იყო. არა მარტო, ასეთ ფორმატებში შეხვედრებზე, არამედ ბილატერალურ (ორ მხრივ) შეხვედრებზეც. ბევრად უფრო მეტს უნდა დადიოდე, უნდა ლობირებდე შენს სახელმწიფოს, მე ამას ვერ ვხედავდი ვერასდროს ილია დარჩიაშვილისგან“, – აღნიშნა გეგელიამ.