პრეზიდენტმა გადაარჩინა საქართველოს პრესტიჟი, ძალიან კარგია, რომ ქვეყანა მან წარმოადგინა და არა პრემიერმა – რასაც კობახიძე აქ საუბრობს, ის რომ მიუნხენში ეთქვა, კატასტროფა იქნებოდა. ასევე, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად იყო, მისი ხმა არავის გაუგია, – ამის შესახებ ექსპერტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაზე სწორი და მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა.
„სწორი გზავნილები იყო, საკმაოდ თამამი იყო ქალბატონი პრეზიდენტი. ის იჯდა იმ ადამიანებს შორის, რომელთა შორისაც უნდა ყოფილიყო. ერთადერთი პრობლემა და ეს მისი პრობლემა არ არის, კარგი იქნებოდა, რომ მის ადგილას ახლო-მახლო, მინიმუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო, იმიტომ, რომ მაინც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი,“ – აღნიშნა რუხაძემ.
მეორე მხრივ, მისივე თქმით, კობახიძეს მიუნხენში ის რომ ესაუბრა, რასაც საქართველოში საუბრობს, კატასტროფა იქნებოდა, ამიტომ კარგია, რომ ქვეყანა პრეზიდენტმა წარადგინა.
„ყოველ შემთხვევაში ასეთი არ იქნებოდა და ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანა საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა და არა პრემიერ-მინისტრმა, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც კობახიძე აქ საუბრობს, ის, რომ მიუნხენში ესაუბრა, უბრალოდ კატასტროფა იქნებოდა, მეტი არაფერი. ძალიან კარგია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად იყო, მისი ხმა არავის გაუგია. საერთოდაც, ეგ კაცი ჩუმად არის მუდმივად. ერთადერთი, რითაც გამოირჩეოდა ხოლმე, უბრალოდ პრემიერ-მინისტრს თავს უქნევდა ხოლმე,“ – განაცხადა რუხაძემ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის გამო, საქართველოს ხელისუფლება მიუნხენის კონფერენციას გაებუტა.
„რახან ივანიშვილი უარყოფით კონტექსტში ახსენეს, საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ ჩვენ აი, ასე პატარა ბავშვივით გაგებუტებით და არაფერს ვიტყვით. ქალბატონი პრეზიდენტი სწორად მოიქცა, მან გადაარჩინა საქართველოს პრესტიჟი,“ – აღნიშნა რუხაძემ.
მან, ასევე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულზე საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინოდ დუმს.
„საქართველოს დღეს ჰყავს რუსული ხელისუფლება. როგორ წარმოგიდგენიათ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ან პირდაპირ რუსული ხელისუფლება პუტინს ადანაშაულებდეს ნავალნის მკვლელობაში?! იმიტომ არის სამარცხვინო სიჩუმე,“ – აღნიშნა რუხაძემ.