უკრაინა რუსეთს ავდიივკაში დაჭრილი სამხედრო ტყვეების მოკვლაში ადანაშაულებს

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა კვირას განაცხადეს, რომ რუსული ძალების მიერ ავდიივკის დასახლებაში ექვსი, ხოლო მიმდებარე სოფელში კიდევ ორი, უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს.
“ავდიივკისა და ვესელის დასახლებებში უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო”. – ნათქვამია დონეცკის რეგიონის პროკურატურის განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გავრცელდა.
პროკურატურის თქმით, მათი დრონიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ ესვრის რუსი ჯარისკაცი ორ უკრაინელ ჯარისკაცს სიახლოვიდან. ხოლო ავდიივკასთან მოკლულ ექვს სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი “სერიოზულად დაჭრილები იყვნენ და ევაკუაციას უცდიდნენ”.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინის არმიის სპიკერმა დმიტრო ლიხოვიიმ განაცხადა, რომ “ჯერჯერობით შეუძლებელია [ინფორმაციის] დადასტურება ან უარყოფა”, თუმცა, მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა რუსეთმა ომის დანაშაულები ჩაიდინა.