მედიაზონას და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 37 052 რუსი სამხედრო მოკვდა. კვლევა ჟურნალისტებმა ღია მონაცემებზე დაყრდნობით, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოკლულთა ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ნეკროლოგების, სასაფლაოებზე გაჩენილი ახალი სახელებისა და რეგიონული მედიის ყოველდღიური სიახლეების მიხედვით ჩაატარეს.
ჟურნალისტური გამოძიების ბოლო ანგარიშის გამოქვეყნებიდან 2 კვირაში რუსეთის მხარეს დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 1 272-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, შემოდგომით სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობები 25-38%-ით გაიზარდა, რასაც მკვლევრები დონეცკის მახლობლად ავდიივკას რაიონში მძიმე ბრძოლებს უკავშირებენ.
გამოძიების თანახმად, ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორი კვირის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ 14 რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკვდა. მედიაზონას ინფორმაციით, ამ მიმართულებით რუსეთმა შედარებითი დიდი ზარალი გასულ ზაფხულს განიცადა, როცა უკრაინამ აშშ-ს გადაცემული ATACMS-ის ტაქტიკური რაკეტების გამოყენება დაიწყო და რუსეთს უკრაინის პოზიციებზე შტურმის მცდელობები ჰქონდა.