“პუტინის რეჟიმის ბოროტება არანაირად არ არის ნაკლები საბჭოთა კავშირზე”, – ასე ეხმაურება ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას.
სამადაშვილის თქმით, პუტინის რეჟიმის დამარცხებამდე მსოფლიო მუდმივი საფრთხის ქვეშ დარჩება.
“როგორ გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, ვერც გავიგებთ. წარმოუდგენელი სიმამაცის და შეუპოვრობის ძეგლი რომ შექმნა საკუთარ სიცოცხლეშივე, ნათელია. პუტინის რეჟიმის ბოროტება არანაირად არ არის ნაკლები საბჭოთა კავშირზე. ამ რეჟიმის შეუქცევადად დამარცხებამდე, მსოფლიო მუდმივი საფრთხის ქვეშ დარჩება”, – წერს სამადაშვილი.
***
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.