გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს გამოეხმაურა.
შოლცმა გაიხსენა ნავალნისთან შეხვედრა, როდესაც რუსეთში დაბრუნების შესახებ ნავალნის გადაწყვეტილებაზე და მის გამბედაობაზე ისაუბრეს, მას შემდეგ, რაც ის ნოვიჩოკით მოწამლვით სიკვდილს გადაურჩა.
“ნავალნიმ რუსეთში დაბრუნებისას სიმამაცისთვის ფასი საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა”. – ამბობს შოლცი.
რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დანაშაულის აღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოზე დაყრდნობით გაავრცელა.
“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაუყოვნებლივ მივიდნენ ნავალნისთან და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ნავალნის ჩუატარდა “ყველა აუცილებელი სარეანიმაციო ზომა, რომლებმაც შედეგი ვერ გამოიღო.”
ნავალნის ადვოკატი, მისივე ოჯახის გადაწყვეტილებით, კოემენტარს არ აკეთებს. მან ბოლოს ოპოზიციონერი 14 თებერვალს ინახულა და როგორც ამბობს, მაშინ ყველაფერი რიგზე ჰქონდა.
ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში პოლიტიკოსის სიკვდილს ჯერჯერობით არ ადასტურებს.
გასული წლის ბოლოს ალექსეი ნავალნი რამდენიმე კვირით გაუჩინარდა. არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ. საბოლოოდ ის 10 იანვარს, ვიდეოჩართვის დროს გამოჩნდა.
ნავალნი პატიმრობაში იმყოფებოდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში. ეს პუნქტი რუსეთის პოლარული რეგიონის ნაწილია.
ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანაცე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის “ივ როშეს” საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.
2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.
2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია “ივ როშე”, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.