სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია – სამინისტროს რეკომენდაცია შოვის სტიქიის არეალზე

სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია – სამინისტროს რეკომენდაცია ს სტიქიის არეალზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ, შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.
„უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების
არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება,” – აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, გამოქვეყნებული ანგარიში მიხედვით, ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამასთან, მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.
„ მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება;
მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად;
ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს,” – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.