გურიაში იურიდიული დახმარების მობილური კამპანია მიმდინარეობს, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გურიაში იურიდიული დახმარების მობილური კამპანია მიმდინარეობს, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი იმოგზაურებს.
ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და კონსულტანტები უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ ყველა დაინტერესებულ პირს.
„მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
„ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს გურიის სოფლები: ნაგომარი, ძიმითი, ასკანა, მთისპირი, ბჟოლიეთი, ხევი, ნაბეღლავი და ჩხაკაურა.
კონსულტაციების დაწყებამდე ადვოკატები ხვდებიან სოფლების მოსახლეობას და აწვდიან ინფორმაციას საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. ხოლო შემდგომ მობილური საკონსულტაციო ცენტრის სტუმრებისათვის, კონფიდენციალურობის დაცვით, ხდება ინდივიდუალური სამართლებრივი რჩევების მიცემა ნებისმიერ საკითხზე. საჭირო შემთხვევებში, სამართლებრივი დოკუმენტებიც მზადდება“, – აცხადებენ იურიდიული დახმარების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო ცოტა ხნის წინ გადავიდა ახალ მისამართზე: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა, ეკლესიის მიმდებარედ. გურიის მცხოვრებლებს შეუძლიათ ესტუმრონ ახალ აშენებულ ოფისს და კანონმდებლობის შესაბამისად, უფასოდ საადვოკატო მომსახურებით ისარგებლონ.