შალვა პაპუაშვილი 9 რეკომენდაციაზე – ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის დირექტივა – მათ რეკომენდაციებს ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ, შეიძლება – არა

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დღეს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილების, ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ნორმებს და საერთო სასამართლოების შესახებ კანონს.
როგორც შეხვედრამდე პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხები მსჯელობის საფუძველი ვენეციის კომისიის დასკვნებია.
„სამი თემაა ჩვენს დღის წესრიგში – პირველი არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილება, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით; მეორე – ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით ნორმებზე მსჯელობა; მესამე – საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე საუბარი. დღეს ჩვენ ვითხოვეთ, რომ ამ ფორმატს დაესწრონ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რათა მათთან ერთად განვიხილოთ, რა შეიძლება შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ამ მხრივ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას, პაპუაშვილი ამბობს, რომ „ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა“.
„თუ დამატებითი იდეები არსებობს, მზად ვართ, მოვისმინოთ. ვენეციის კომისიის დასკვნა არის რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს საქართველოს პარლამენტი იღებს. რეკომენდაციებს ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ, შეიძლება – არა. გვაქვს მიდგომა, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან, რომ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით, რატომ არ ვითვალისწინებთ. ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის დირექტივა, დოგმა. ეს ყოველთვის არის მსჯელობის საკითხი. როდესაც არ ვითვალისწინებთ რეკომენდაციას, მაგალითად საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ჩვენ განვმარტავთ, რატომ არ ვითვალისწინებთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი არგუმენტი უფრო წონადია ამ დროს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას და იმას, რომ შეხვედრებში „სამართლიანი “ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არ მონაწილეობს, პაპუაშვილი ამბობს, რომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა, ისინი დემოკრატიულ კალაპოტში დააბრუნონ.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმებული ფორმატი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან“, რომლის წევრებიც იყვნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს ამ ფორმატს, რადგან თავისი წარმომადგენლები ვერ აირჩიეს ამა თუ იმ თანამდებობაზე. ამ თანამდებობების გამო დატოვეს პლატფორმა, ამიტომაც გაემიჯნნენ ამ პროცესს. ისევე იქნებოდა ISFED-ი თუ საია ამ განხილვების მონაწილე, როგორც აქამდე იყვნენ. მაგრამ მათ აირჩიეს ეს გზა – რადიკალიზაციის და გამიჯვნის. ახლა ამ „ენჯეოების“ დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობაა. მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, რომ რადიკალიზებული „ენჯეოები“, რომლებიც თანამდებობების გამო გაემიჯნნენ პლატფორმას და შემდეგ 9 პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას, დააბრუნონ დემოკრატიულ კალაპოტში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება.
სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ