„ავტოიმპორტიორთა 1/3 შეღავათის გარეშე დარჩა, ვითხოვთ დაზუსტდეს 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტის შესახებ დადგენილება“ – ალექსი ნონიაძე

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტის შეზღუდვის შესახებ მთავრობის მიერ მიღებული 544-ე დადგენილების ხარვეზებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, დადგენილებაში არის ნორმა, რომელიც სადავო გახდა და ავტოიმპორტიორთა 1/3 შეღავათის გარეშე დარჩა. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ავტომობილების 1-ელ დეკემბრამდე გემზე ატვირთვის პირობას გულისხმობს.
„გარემოს დაცვის სამინისტროში შეხვედრებზე ვსვამდით საკითხს, რომ შეღავათი პირველ დეკემბრამდე შეძენილ ავტომობილებს შეხებოდა. პირველი დეკემბერი დატოვეს, მაგრამ დააზუსტეს, რომ შეღავათი შეეხებოდათ, მათ, ვინც ავტომობილები პირველ დეკემბრამდე ატვირთა გემზე.
მთავრობის 544-ე დადგენილება ეხება სწორედ ამ შეღავათს, რომელმაც გარკვეული უხერხულობა და გაურკვევლობა გამოიწვია. ყველა ისე კითხულობს ამ დოკუმენტს, რომ შეღავათი ეხება კონტეინერში ჩატვირთვასაც და გემზე ატვირთვასაც, მხოლოდ მომსახურების სააგენტო თვლის, რომ ორივე ერთად, პირველ დეკემბრამდე უნდა იყოს გაკეთებული. ვინც ნოემბერში ჩატვირთა კონტეინერში, მათ ეს შეღავათი ვერ მიიღეს, ეს არის ფაქტი.
ხომ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ წითელ ზღვაში დაძაბულობა შეიქმნებოდა და ტრანსპორტირების დაწყება შეფერხდებოდა. იმ ადამიანების 1/3-მა, ვისზეც ეს იყო გათვლილი, შეღავათი ვერ მიიღო. ხოლო მეორე 1/3 კი არის ისეთი ადამიანების წილი, ვინც 1-ელი დეკემბრის შემდეგ ჩატვირთა ავტომობილები კონტეინერზეც და გემზეც და მათზე ეს შეღავათი არ იყო გათვალისწინებული.
არ ვითხოვთ ახალ შეღავათს, ვითხოვთ 544-ე დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათის პირობების დაზუსტებას, რათა უფრო მეტმა იმპორტიორმა მიიღოს შეღავათი“, – აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ დადგენილების ტექსტი სხვადასხვაგვარად იკითხებოდა და გარკვეული პირები შეღავათის მიღმა დარჩნენ, ავტოიმპორტიორთა ასოციაციას ჰქონდა კომუნიკაცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.
„პირველი და მთავარი პრობლემაა ის, რომ უნდა ითქვას შეღავათი შეეხება პირველ დეკემბრამდე შეძენილ ავტომობილებს. ადამიანმა, რომელმაც ავტომობილი 15 დეკემბერს იყიდა ევროპაში ან თუნდაც მეზობელ ქვეყნებში, იცის, რომ იანვრამდე აქვს ვადა და შეიძლება ვერ მოასწროს, ის თავის თავზე იღებს რისკს. მაგრამ როცა ადამიანმა 1-ელ დეკემბრამდე იყიდა ავტომობილი და გარკვეული ობიექტური მიზეზებით, ვერ დაიწყო ტრანსპორტირება, შევიდეთ მის მდგომარეობაში და სახელმწიფომ დააზღვიოს.
მეორე პრობლემაა, ერთია, რას თარიღს დავწერთ დადგენილებაში და მეორეა ის, ადგილზე მისვლისას რა დოკუმენტს მოსთხოვს იმპორტიორს მომსახურების სააგენტო.
ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, შეღავათი შეეხოს ავტომობილებს, რომლებიც ნაყიდია 1-ელ დეკემბრამდე. მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ნაყიდ ავტომობილებზე უნდა ჩაიწეროს, რომ შეღავათი ეხება 1-ელ დეკემბრამდე შეძენილს, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან, სადაც სპეციფიკა განსხვავებულია, ჩავწეროთ 31 დეკემბრამდე კონტეინერში ან გემზე ჩატვირთული.
ახლა რომ წერია ჩარტვირთული კონტეინერზე და გემზე, მომსახურების სააგენტო მხოლოდ კონტეინერში ჩარტვირთვას არ ითვალისწინებს და ითხოვს აუცილებლად გემზე ჩატვირთვასაც. ამ წვრილმან ნიუანსებში უწევთ მოქალაქეებს შესვლა“, – აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღნიშნული დადგენილების დაზუსტება, ასოციაცია კანონით დადგენილ ყველა გზას მიმართავს. ამ პროცესში კი მთავარი იმპორტიორების სურვილი და ინტერესები იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ