2023 წელს, ბოლნისის მერის სიძის კომპანიას მუნიციპალიტეტი 634 ათას ლარს გადაუხდის, ჯამში კი 5 მლნ-ზე მეტი აქვს აღებული | “ფლანგვის დეტექტორი”

“2023 წელს, ბოლნისის მერის სიძის კომპანიას მუნიციპალიტეტი 634 ათას ლარს გადაუხდის, ჯამში კი 5 მლნ-ზე მეტი აქვს აღებული”, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლნისის მერის დავით შერაზადაშვილის სიძის კომპანიამ, შპს დევეპლიუსმა, 2023 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამოცხადებული 2 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.
“ხოლო 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა, შპს დევეპლიუსმა 35 ტენდერიდან 29-ში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 35 ტენდერიდან 25 ხმელიძის კომპანიას უკონკურენტოდ აქვს მოგებული და თითოეული მათგანი სწორედ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ არის გამოცხადებული. აშკარაა, რომ ბოლნისისა და შპს დევეპლიუსის ნაყოფიერი ურთიერთობა შერაზადიშვილის კარიერულ წინსვლის პარალელურად ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ჯამში, შპს დევეპლიუსს სახელმწიფო შესყიდვებიდან 5,118,270 ლარი აქვს მიღებული” – წერს ორგნიზაცია.