უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტის პერსპექტივა

სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მეშვეობითაც უკრაინის , ს და ტაივანის სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს, თუმცა პროცედურულად იგივე კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა დამტკიცდეს, სანამ ის პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდება, ხელი მოეწერება და კანონად იქცევა. თუმცა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის პრინციპული უთანხმოება არ დასრულებულა, რაც სამხრეთის საზღვარზე წესრიგის დამყარებას უკავშირდება.
კანონპროექტი ამჟამად პალატის საერთო კენჭისყრაზეც ვერ მოხვდება, თუ მას იურიდიული კომიტეტი არ წარადგენს, შესწორებებით იქნება თუ მის გარეშე. შესწორებების შეტანის შემთხვევაში, კანონპროექტი კვლავ სენატში დაბრუნდება და იგივე პროცედურა განმეორდება. არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, კონგრესმენთა აბსოლუტური უმრავლესობის ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, კანონპროექტი იურიდიული კომიტეტიდან გამოიწვიონ და პირდაპირ საერთო კენჭისყრაზე გაიტანონ, სადაც სავარაუდოდ მას საკმარისი ხმები ექნება.
პროცედურა ცნობილია, როგორც კომიტეტიდან გაწვევის პეტიცია [Discharge Petition], რომელიც საკმაოდ იშვიათად გამოიყენება.
„ამერიკის ხმის“ უკრაინულმა სამსახურმა ამ თემაზე რამდენიმე კონგრესმენის კომენტარი მოიპოვა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი მიჩიგანიდან ბილ ჰაიზენგა ფიქრობს, რომ წარმომადგენელთა პალატაში არსებული ატმოსფეროს გათვალისწინებით, სენატის მიერ მიღებული საგარეო დახმარების კანონპროექტი დღევანდელი ფორმით კონგრესის მიერ ვერ დამტკიცდება.
კონგრესმენის აზრით, შესაძლებელია მსჯელობა ისეთ საკითხზე, როგორიც დახმარების პაკეტში მხოლოდ უშუალოდ სამხედრო აღჭურვილობის კომპონენტის დატოვება, რადგან ევროკავშირმა უკვე მიიღო 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების კანონი, რომელიც ძირითადათ ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება.
რესპუბლიკელი კანონმდებელი სრულიად ეთანხმება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას იმ პირობით, რომ მთავარი აქცენტი იარაღზე გაკეთდება და ძალიან საიმედო ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმი იქნება.
ბილ ჰაიზენგამ აღნიშნა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის საკმარისად კარგად განემარტა ამ დახმარების სარგებლიანობა და ნაწილობრივ ამანაც გამოიწვია ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხის გადაწყვეტას ართულებს.
მთავარ დაბრკოლებად რჩება საზღვრის დაცვის საკითხი, რომელიც კანონმდებლების ნაწილის აზრით, სენატის კანონპროექტში ადექვატურად არ არის ასახული.
„ესეც მსჯელობის საგანია. უნდა გადაკეთდეს, თუ მას დაემატოს კონკრეტულად „კონგრესის რეზოლუცია 2“ [2023 წლის საზღვრის დაცვის აქტი] . ვნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ ხელმძღვანელობა ამ საკითხზე მუშაობს იმ კანონმდებლებთან კონსულტაციების გზით, რომლებიც ასეთ გადაწყვეტას მიემხრობიან. ახლა გაყოფილია მოსაზრებები, სენატის კანონპროექტი არსებული სახით შენარჩუნდეს და მას „კონგრესის რეზოლუცია 2“ დაემატოს, თუ კანონპროექტი შეიცვალოს და მას რეზოლუციაც დაემატოს“.
დემოკრატი კონგრესმენი კალიფორნიიდან ბრედ შერმანი ამბობს, რომ ის უდავოდ ეთნხმება უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდებას და დიდი ხანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს. კონგრესმენმა თქვა, რომ ყველა დემოკრატთან ერთად, სამი რესპუბლიკელი კანონმდებლის ხელმოწერის მოპოვების შემთხვევაში, პროცედურულად შესაძლებელი იქნება კომიტეტიდან კანონპროექტის საერთო კენჭისყრაზე გატანა და მარტივი ხმის მიცემით მისი დამტკიცება.
„აშკარაა, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ასევე აშკარაა, რომ უკრაინის ინტერესებშია“, თქვა კონგრესმენმა შერმანმა.
ის კანონპროექტის შეჩერებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად რესპუბლიკელებს აკისრებს და ამბობს, რომ დემოკრატები მზად არიან უკრაინის დახმარების კანონპროექტს კენჭი უყარონ სამხრეთის საზღვრის დაცვის საკითხებთან ერთად, ან მის გარეშე.
ზოგიერთ რესპუბლიკელ კანონმდებელს მტკიცედ კატეგორიული პოზიცია აქვს. ფლორიდის წარმომადგენელი კორი მილსი ამბობს, რომ სამხრეთის საზღვრის საკითხის გადაწყვეტასთან ერთად, უკრაინის მხრიდან მეტი გამჭვირვალობა სურს.
„ეს საკითხი კენჭისყრამდეც არ უნდა მივიდეს. აზრი არ აქვს სხვა ქვეყნის საზღვრების დაცვას, თუ საკუთარი საზღვრის დაცვა არ შეგვიძლია“, თქვა კონგრესმენმა.
კორი მილსი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას წინააღმდეგია ზელენსკის მთავრობის მხრიდან ნათელი გეგმის არარსებობის და კორუფციული ელემენტების გამო.
„ზელენსკისგან და მისი გუნდისგან სამხედრო სტრატეგიას ვერ ვხედავთ. ჩვენ უკვე დავხარჯეთ 114,5 მილიარდი დოლარი და ვიცით, რომ მისი ნაწილი კორუფციაში გადადის. მათ არ ჩაატარეს 100 პროცენტიანი აუდიტი, არ შეუძლიათ სამხედრო გეგმის ჩვენება. არ მესმის ეს სტაბილურობისთვის როგორ არის სასარგებლო და ამიტომ უკრაინისთვის ერთი ცენტის გაცემასაც მხარს არ დავუჭერ“, თქვა კორი მილსმა.
„უკრაინისთვის დახმარების არ აღმოჩენით, ჩვენს საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს ვუთხრით“, ამბობს დემოკრატი კანონმდებელი კალიფორნიიდან ჯიმ კოსტა.
კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ საერთო კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში, კანონპროექტის მისაღებად საკმარისი ხმები არსებობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა კანონპროექტი საერთო კენჭისყრაზე მოხვდეს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეხასიდან კეით სელფი აცხადებს, რომ სენატი ამერიკელი ხალხისგან სრულიად მოწყვეტილია და მისი არ ესმის.
„მათ ამოიღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საშინაო საკითხი, როდესაც საზღვრის საკითხი ამოიღეს. მე ვეკუთვნი იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ არ იქნება დაფინანსება, თუ არ იქნება საზღვრის უსაფრთხოება“.
კონგრესმენი ამბობს, რომ საზღვარი უმთავრესი საკითხია და ყველა დანარჩენი მეორადი მნიშვნელობისაა.
„ჩაკეტეთ საზღვარი. სხვა ყველაფერი მეორადია“, თქვა კეით სელფიმ.
ამჟამად კანონპროექტის გარშემო ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. უკრაინის დახმარების საკითხს საკმაოდ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა და დამტკიცების რეალური შანსი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ