11 ადამიანი დაშავდა რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში

ორი საათის განმავლობაში დღეს უკრაინულ ქალაქებს ბომბავდა. სარაკეტო იერიშების სამიზნე დედაქალაქი და უკრაინის სხვა შვიდი რეგიონი იყო. ოფიციალური კიევის ცნობით იერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა.
მხოლოდ კიევში, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად შვიდი კერძო სახლი და ავტომობილი დაზიანდა. ლვივში, პოლონეთის საზღვართან კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
კიევში ამბობენ, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს მასშტაბური გავლენა არ ჰქონია და სპეციალისტები დაზიანებული ობიექტების აღდგენაზე უკვე მუშაობენ. უკრაინის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს მწყობრიდან გამოიყვანოს უკრაინის ენერგოსისტემა და პრობლემები შეუქმნას უკრაინის მოსახლეობას.
რუსეთის დღევანდელი საჰაერო იერიშების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა ხმელნიცკის რაიონშიც, ექვსი კი ზაპორიჟიაში – სადაც სარაკეტო იერიშების შედეგად საცხოვრებელი სახლები, მაღაზია და სკოლა დაზიანდა.
რუსეთის თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე ხშირია, თუმცა თებერვალში ეს რიგით მეორე მასშტაბური სარაკეტო იერიშია, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ 26 რუსული რაკეტიდან, ნახევარი ჩამოაგდეს.