არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აშშ-ს საჰაერო ძალებს ხელი შეუშალეს მათი ტერიტორიიდან ირანიდან მართული მარიონეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელებაში. ამის შესახებ ინფორმაციას Politico აშშ-ს ოთხ სხვადასხვა სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო პერიოდში პროირანულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს სხვადასხვა ამერიკულ სამიზნეებზე, მათ შორის ამერიკელ ჯარისკაცებზე ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ამ იერიშების საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.
აშშ-ს უკვე დიდი ხანია რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ომანის და ქუვეითის ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული. Politico-ს ცნობით, საპასუხო იერიშების განხორციელებისთვის საამიროებში განლაგებული სამხედრო ბაზების გამოყენება აშშ-ს შეეზღუდა.
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მოსახლეობაში გაზრდილია უკმაყოფილება მთავრობების მიერ აშშ-სთან და დასავლურ ძალებთან თანამშრომლობის გამო, რაფაში ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო.