ლატვიაში რუსული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მანქანების ჩამორთმევა დაიწყეს

დღეიდან, 15 თებერვლიდან ლატვიაში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესაბამის კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც რუსული სარეგისტრაციო ნომრების მქონე მანქანების ჩამორთმევის საშუალებას იძლევა. 14 თებერვლამდე ლატვიაში მანქანების მფლობელებს ჰქონდათ დრო, რათა რუსული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მანქანები ქვეყნიდან გაეყვანათ ან მათთვის ადგილობრივი სარეგისტრაციო ნომერი აეღოთ.
როგორც ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისმა აღნიშნა, რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ჩამორთმევის გარდა, მათ მფლობელებს 750-დან 2 000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
გამონაკლისი დადგინდა დიპლომატიური მანქანებისთვის და მათთვის, ვინც ლატვიის გავლით სხვა ქვეყანაში მიემგზავრება და ქვეყანაში რჩება არა უმეტეს ერთი დღისა.
როგორც Delfi წერს, ჩამორთმეული მანქანები შესაძლოა სოლიდარობის ნიშნად ში გადაიტანონ.
ლატვიაში საგზაო მოძრაობის კანონში ცვლილებები გასული წლის ნოემბერში მიიღეს. უფრო ადრე, სექტემბერში რიგამ ქვეყანაში რუსული ნომრის მქონე მანქანების შემოსვლა აკრძალა. გასულ შემოდგომაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ქვეყანაში რუსული მანქანების შეშვება შეწყვიტა.