შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და არა საქართველოს – მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა

სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ, თუ რა საზღაურის სანაცვლოდ, ეს ყველაფერი გამოჩნდება – ის მიუნხენში მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს და არა საქართველოს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ს მიუნხენში უნებართვოდ გამგზავრების მიზანია საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შერყევა.
„სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ამიტომ ეს არის მისი, კერძო პირის ყოფნა იქ. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თანამდებობას ინარჩუნებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებული არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, პარლამენტს უნდა მიეღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი რატომაც პარლამენტში ვერ შეგროვდა პარლამენტის წევრების 2/3 არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ დამოკიდებულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ, თუ რა საზღაურის სანაცვლოდ, ეს ყველაფერი გამოჩნდება. ჯერჯერობით, ვხედავთ რაც არის საზღაური, საზღაური არის რადიკალიზაცია, ქვეყნის დისკრედიტაცია. მათ შორის მისი უნებართვო გამგზავრება მიუნხენში არის ერთ-ერთი მაგალითი. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეირყეს. ამიტომ ის, ჯერჯერობით, ძალიან ბეჯითად მიყვება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მფარველების მიერ დასახულ ხაზს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ