შალვა პაპუაშვილი – მანკიერი წრეა, როცა ვენეციის კომისია მიუთითებს ოპოზიციის და „ენჯეოების“ ნათქვამზე, ხოლო ოპოზიცია ვენეციის კომისიაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კი შეკრულია ოპოზიციასთან

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარი თავი ადგას მხრებზე. ვენეციის კომისიის დასკვნები კი ნუ მოჰყავთ, საკუთარ არგუმენტებზე ისაუბრონ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს არის საუკეთესო მაგალითი მანკიერი წრისა, რომელიც ხანდახან იკვრება ხოლმე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მანკიერი წრეა, როცა ვენეციის კომისია მიუთითებს ოპოზიციის და “ენჯეოების” ნათქვამზე, ხოლო ოპოზიცია ვენეციის კომისიაზე.
პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია თავის რეკომენდაციებში 19 აპრილის შეთანხმებას ეყრდნობა, რომელიც აქტუალური აღარ არის, ამიტომ პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ არც ვენეციის კომისიის არგუმენტი აღარ არსებობს.
“ვენეციის კომისიას არც ერთი საკუთარი მოსაზრება, არგუმენტი არ აქვს მოტანილი ძველი წესის აღდგენასთან დაკავშირებით. ის ეყრდნობა მხოლოდ ერთადერთ რამეს – 19 აპრილის შეთანხმებას და ყოველ ჯერზე მიუთითებს, რომ ეს არის არა ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომ ასეთი წესი სჯობს, არამედ ამბობს, რომ თუკი თქვენ რაღაც წესზე შეთანხმდით, კარგია თუ შეთანხმებულ წესს გააკეთებთ და ყველა არის კმაყოფილი. ჩვენი პასუხი მარტივია – 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს, აღარ არის აქტუალური და ანულირებულია. შესაბამისად, ვენეციის კომისიის არგუმენტიც აღარ არსებობს. მანკიერი წრე იმიტომაც არის, რომ ვენეციის კომისია მიუთითებს ხოლმე ოპოზიციის და “ენჯეოების” ნათქვამზე, ამბობს, რომ მე კი არ გირჩევთ იმიტომ, რომ კარგი გამოცდილებაა, აი, ოპოზიცია და “ენჯეოები” ამბობენ, რომ კარგია და თავის დროზე შეთანხმებულხართ. როცა ვეკითხებით ოპოზიციას და “ენჯეოებს”, როგორი სისტემა სურთ, გვეუბნებიან, რომ ამას მე კი არ ვამბობ, ვენეციის კომისია რადგან ამბობს, ამიტომ არის კარგი ანუ ერთმანეთზე მითითება მიდის და ავტორი ამ აზრის არ ჩანს ისევე, როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი, იმის ავტორიც არ ვიცით. მაშინ ეს მედიატორის შემოთავაზება იყო,” – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პოზიციას ცვლილებებთან დაკავშირებით და მას სასაცილო უწოდა. ამასთან პაპუაშვილი ამბობს, რომ “ეს ორგანიზაციები შეკრულნი არიან ოპოზიციასთან იმ მიზნით, რომ არ დაკომპლექტდეს”.
“სასაცილოა და უპასუხისმგებლო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებები, რომელიც ახლა ითხოვს კანდიდატის შერჩევის კომისია კვლავ პრეზიდენტთან დაბრუნდეს. ამ ორგანიზაციამ ბოიკოტი გამოუცხადა მაშინ, როცა ეს კომისია პრეზიდენტთან იყო. ასე რომ, ეს მოთხოვნა სასაცილოა და ერთადერთ რამეს აჩვენებს, მათი მიზანია არა გამართული კანონმდებლობის ქონა და ის, რომ ცესკო დაკომპლექტდეს საბოლოო ჯამში, პირიქით, ეს ორგანიზაციები შეკრულნი არიან ოპოზიციასთან იმ მიზნით, რომ ცესკო არ დაკომპლექტდეს და 2024 წლის ჩატარდეს იმ პირობებში, როცა ცესკოს თავმჯდომარე და მისი ორი წევრი იქნებიან ადამიანები, რომლებიც სრული ვადით არ არიან არჩეულნი. ეს მიზანი აქვს ოპოზიციას და რამდენიმე “ენჯეოს,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ