ქეთევან თურაზაშვილი – ვაგრძელებთ შეხვედრებს პენსიონერებთან და მზად ვარ, ჩავერთო დაანონსებული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ – მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ვარკეთილში საპენსიო სესხებით დაზარალებულებს შეხვდა. შეხვედრა გუნდის იურისტების მონაწილეობით გაიმართა.
„მოქალაქეების“ ცნობით, შეხვედრას 100-ზე მეტი პენსიონერი ესწრებოდა, რომლებმაც იურისტების დახმარებით „ლიბერთი ბანკს“ განცხადებით მიმართეს.
მათივე ცნობით, საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებსაც ბანკმა ისე გაუფორმა ე.წ. ოვერდრაფტები, რომ მათ არ აუხსნეს, რა სახის სესხთან ჰქონდათ საქმე და რა საფრთხეებს შეიცავდა. ასევე, პანდემიის დროს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სანაცვლოდ წლობით გადავადებულ სესხებზე.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მასშტაბური პრობლემის გადაჭრის გზებსა და ნაბიჯებზე, კონსულტაცია გავუწიეთ და დავეხმარეთ განცხადების დაწერაში იმ პენსიონერებს, რომლებიც ლიბერთი ბანკმა დააზარალა, საკუთარი ინიციატივით და პენსიონერების თანხმობის გარეშე ე.წ. საშეღავათო პერიოდის სანაცვლოდ თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და აქედან გამომდინარე სესხის ოდენობაც. ველოდებით ბანკისგან რეაგირებას, რომ ამ ადამიანების სესხი დაკორექტირდება და ზედმეტის გადახდა წლობით აღარ მოუწევთ.
საბედნიეროდ, უკვე ათეულობით წარმატებული მაგალითი გვაქვს, როდესაც მოვახერხეთ პანდემიის დროს გახანგრძლივებული სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნება და განულება.
ვიყენებთ ყველა შესაძლო ხერხს, მათ შორის სასამართლოს, შეხვედრებს, პარლამენტის ტრიბუნას, რათა მალე მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ „ლიბერთი ბანკმა“ შეწყვიტოს პენსიონერების ძარცვა. ჩემი შეკითხვების მოსმენის შემდეგ პრემიერ მინისტრი დამპირდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ველოდები ჯგუფიდან მოწვევას, მე ჩემი მხრივ გამოვთქვი მზაობა ვიყო აქტიურად ჩართული ჯგუფის მუშაობაში და ყველანაირად ვეცდები პენსიონერებისთვის სასარგებლო და სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.
ობიექტურად უნდა ითქვას, ჯგუფი იქმნება იმიტომ, რომ ბოლო ერთი წერია განუწყვეტლივ ვსაუბრობ და მიმაქვს ხელისუფლების ყურამდე ინფორმაცია, რომ ჩვენი პენსიონერები არიან ან დღეში, იძარცვებიან და მათი ისედაც შემწეობის ტოლფასი პენსია ნახევრდება, პენსიას წლებია ვერ იღებენ სრულად, გადახდილი აქვთ სამჯერ ოთხჯერ ხუთჯერ მეტი თანხა, ვიდრე ბანკიდან აიღეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“,- აცხადებს დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი.
როგორც პარტიაში აცხადებენ, აღსანიშნავია ასევე, რომ პარტია „მოქალაქეებმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ დავა დაიწყო. დეპუტატის ინიციატივით და გუნდის იურისტების ჩართულობით ანალოგიური შეხვედრები უკვე გაიმართა გორში, თელავში, ქუთაისში, რუსთავში და რამდენჯერმე თბილისში.